დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ბესიკ ამირანაშვილმა ამ თანამდებობაზე ბესიკ კუსიდი შეცვალა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეუწყებას 2024 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა.
სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობის განხორციელებაში, რომელიც საქართველოს უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვას გულისხმობს.
„ხელმძღვანელის პოზიციაზე პროფესიონალი და გამოცდილი კადრი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სააგენტოს სტრატეგიით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. ის სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას იკავებდა. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელის წარდგენისას, დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა სააგენტოს ყოფილ თავმჯდომარეს, ბესიკ კუსიდს გაწეული საქმიანობისთვის და დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ბესიკ კუსიდი სისტემაში რჩება, თუმცა სად გააგრძელებს ის თავის საქმიანობას ჯერ ვერ აკონკრეტებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ ბიზნესის ადმინისტრირების მეგისტრი ბესიკ კუსიდი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოსტს 2024 წლის აგვისტოდან იკავებდა, მანამდე 2024 წლის თებერვლიდან სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2019 წლის აგვისტოდან 2024 წლის თებერვლამდე კი თავმჯდომარის მოადგილის ადგილს იკავებდა.
2019-2019 წლის აგვისტომდე „საქართველოს მელიორაციაში“ ის ქონების მართვისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო, 2018-2019 წლებში კი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის ადგილზე მუშაობდა.
2018 - საფინანსო და ადმინისტრაციული საქმიანობის მართვის სამსახურის უფროსი მოადგილე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო
- 2017-2018 - საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- 2012-2017 - საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის მოადგილე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- 2011-2012 - საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- 2007-2011 - საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის მთავარი სპეციალისტი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო
- 2007 - კონსულტანტი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- 2006-2007 - ეკონომისტ-კონსულტანტი




























