„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ლისის ტბის მიმდებარედ, სადაც მისი კომპანია თბილისის მერიისგან მიწას მიიღებს, კერძო სახლები აშენდება. ფხაკაძე bm.ge-სთან საუბარში პროექტის დეტალებზე ვერ საუბრობს, რადგან მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ტერიტორია ჯერ ოფიციალურად გადაცემული არ არის, შესაბამისად, არ იციან რამდენი სახლი აშენდება, ან რა მოცულობის ინვესტიცია იქნება საჭირო.
"ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტის თქმით, საუბარია დაახლოებით 13 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის მიწაზე, რომელიც განაშენიანებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.
„ამ ტერიტორიაზე [ლაგუნა ვერეზე] „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგურია. ყველას გვესმის, რომ აქ არის საკმაოდ რთული სატრანსპორტო კვანძი და ამ მონაკვეთზე გზის გაფართოება ქალაქისთვის კარგია. ჩვენ ამაზე თბილისის მერიასთან გარკვეული ხნის წინ გვქონდა მოლაპარაკება, ალტერნატიულ ფართზეც შევთანხმდით. როგორც აღვნიშნე, ქალაქისთვის ეს მნიშვნელოვანი კვანძია და მისი გაფართოება ძალიან ღირებული იქნება ავტომფლობელებისთვის“, - აცხადებს ფხაკაძე და დასძენს, რომ ის თავადაც დადის აღნიშნულ ტერიტორიაზე და ესმის, რომ იქ გავლა პრობლემას წარმოადგენს.
„მერიისგან მივიღებთ სხვა ლოკაციას, სადაც ჩვენ ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი ბიზნესი განვითარდება. „ვისოლ ჯგუფი” არასოდეს შეუშლის ხელს საზოგადოებრივი მნიშვნელობის სწორი და გონივრული პროექტის განხორციელებას. ასეთი ტიპის შემთხვევებში, ყველაზე მნიშვნელოვანი და კრიტიკული არის ის, რომ სახელმწიფომ გაითვალისწინოს ბიზნესის ობიექტური ინტერესები და დადოს ბიზნესთან სამართლიანი გარიგება, რაც მოხდა კიდეც. შეთანხმების შედეგად, გათვალისწინებულ და დაცული იქნა ორივე მხარის ინტერესი; “ლაგუნასთან“ კი გზა გაფართოვდება, რაც ქალაქისთვის მნიშვნელოვანია და რასაც მივესალმებით“, - აცხადებს ფხაკაძე.