ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში, Dunkin’-ის პირველი რესტორანი გაიხსნა. ამის შესახებ ბიზნესმენმა, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ LinkedIn-ზე დაწერა.
მისი შეფასებით, ყაზახეთის ბაზარზე შესვლა კომპანიის საერთაშორისო გაფართოების გზაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
„ამ კვირაში სიამაყით გავხსენით Dunkin’-ის პირველი რესტორანი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, რაც ჩვენი საერთაშორისო გაფართოების პროცესში მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
გვსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ჩვენს ფრენჩაიზორს, Inspire Brands-ს, ნდობისთვის, ერთგულებისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის, ასევე ჩვენს ადგილობრივ პარტნიორებსა და მეგობრებს ყაზახეთში, რომელთა თანამშრომლობითაც შესაძლებელი გახდა ამ პროექტის განხორციელება.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს გამორჩეულ გუნდებს საქართველოში და ყაზახეთში. თქვენმა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და Dunkin’-ის ბრენდისადმი ერთგულებამ შესაძლებელი გახადა ამ პროექტის წარმატებით განხორციელება. გულწრფელად ვაფასებთ თქვენს შრომას და ვამაყობთ, რომ ამ წარმატებას ერთად აღვნიშნავთ.
მოუთმენლად ველით ალმათიში ჩვენი სტუმრების მასპინძლობას და კომპანიის საერთაშორისო განვითარების ახალი ეტაპის გაგრძელებას“, - წერს სოსო ფხაკაძე.
























