მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დატვირთულობა 20%-მდე შემცირდა, ჯავშნები უქმდება" - სასტუმრო "კოპალა"

კოპალა

თბილისის სასტუმროებში ზამთრის ტურისტულ სეზონზე დატვირთულობა შემცირებულია. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები BMG-სთან აცხადებენ, თბილისისთვის ისედაც არააქტიურ პერიოდში, 2025 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება შეინიშნება.

სასტუმრო "კოპალას" გენერალური მენეჯერი მირანდა ყვავაძე BM.GE-სთან საუბარში აღნიშნა, რომ სასტუმროს დატვირთულობა შემცირებულია, ბოლო პერიოდში კი ჯავშნების გაუქმების შემთხვევებიც გახშირდა.

"ძალიან შემცირებულია დატვირთულობა, 1-2 ნომერი რომ იქნება დაკავებული, რაზეა საუბარი საერთოდ. პროცენტულად ალბათ 15-20%-ითაა დატვირთული. ებრაელების ჯგუფი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ გააუქმეს. გაუქმების შემთხვევები ხშირია, ახალ წლებზეც ძალიან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. საერთოდ, ისედაც დაბალი აქტივობაა იანვრის ბოლო-თებერვალი, თბილისისთვის ცუდ სეზონად ითვლება, მაგრამ აქამდე რაღაც მაინც იყო და ახლა საერთოდ არაფერია", - აღნიშნავს მირანდა ყვავაძე BM.GE-სთან.

მისივე თქმით, შემცირებული მოთხოვნის ფონზე სასტუმროს ფასების შემცირებაც მოუწია, თუმცა როგორც ყვავაძე აღნიშნავს, არსებულ ვითარებაში არც ამას ჰქონდა შედეგი.

თბილისის სასტუმროებისთვის ზამთრის თვეები საქმიანი ტურიზმის მიმართულებითაა საინტერესო. როგორც წესი, საკონფერენციო დარბაზებზე მოთხოვნა მზარდია და მათი წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე დაჯავშნაა საჭირო.

როგორც "კოპალას" გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, წლის პირველ კვარტალში აქტიურობა არც ამ მიმართულებით შეინიშნება: "საკონფერენციო სივრცეები ჯერჯერობით საერთოდ არაა დაჯავშნილი, მთლიანად თავისუფალია და არც შემოდის ჯავშნები. სტუმრები თავს იკავებენ სარესტორნო სივრცეში სტუმრობისგანაც".

მირანდა ყვავაძე აღნიშნავს, რომ საგაზაფხულო სეზონისთვის წინასწარი ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა ჯგუფები, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა აქვთ დაგეგმილი, საბოლოო ჯავშნის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

"ჯერჯერობით დიდი მოთხოვნაც არ არის წინასწარ ჯავშნებზე, თავს იკავებენ, ინგლისიდან გვქონდა ჯგუფთან მოლაპარაკებები, ამბობენ, ცოტა ხანში გეტყვით, ჩამოვალთ თუ არაო და როდემდე გაგრძელდება ასე, არ ვიცით", - ამბობს მირანდა ყვავაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები