თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე სასტუმრო The Biltmore Tbilisi Hotel-ისთვის 2025 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დატვირთულობა შემცირებულია. როგორც სასტუმროს გაყიდვების დირექტორი, მარიამ ქუთათელაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, "ბილტმორის" დატვირთულობაზე გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ახდენს.
"საკმაოდ დიდი ზეგავლენა იქონია არსებულმა სიტუაციამ ტურიზმის სფეროზე და, მათ შორის, რუსთაველზე განთავსებულ სასტუმროებზე. გამონაკლისი არც ჩვენ ვართ. შესაბამისად, იანვარი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ, დღევანდელი დღის მონაცემებით, თვის ბიუჯეტს ვერ ვასრულებთ. თუმცა ვნახოთ, როგორ დაიხურება თვე. დატვირთულობით წინა წელთან შედარებით, რა თქმა უნდა, ნაკლებობა გვაქვს იანვარში. აქვე უნდა ითქვას, რომ წლევანდელი გაწერილი ბიუჯეტი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წინა წლის", - აღნიშნავს მარიამ ქუთათელაძე.
"ბილტმორის" გაყიდვების დირექტორის თქმით, ახალი წლის პერიოდი სასტუმროსთვის შედარებით დატვირთული აღმოჩნდა, თუმცა, უფრო ადრეულ კვირებში ჯავშნების გაუქმება შეინიშნებოდა: "ახალი წლის პერიოდში იყო გაუქმებები. 31 დეკემბერს სასტუმრო საკმაოდ დატვირთული იყო, მეზობელი ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლეთ სტუმრებს. მანამდე, ერთი-ორი კვირით ადრე შეიძლებოდა, უფრო დიდი დატვირთულობაც გვქონოდა, მაგრამ ჯავშნები გაუქმდა".
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რყევები საქმიან ტურიზმზეც აისახება. როგორც მარიამ ქუთათელაძე აღნიშნავს, Biltmore Tbilisi-ის საკონფერენციო სივრცეებში ღონისძიებები, ფაქტობრივად, არ ტარდება. შემცირებული მოთხოვნის ფონზე, თბილისის სასტუმროებს საფასო პოლიტიკის შემცირებაც მოუწიათ, თუმცა, "ბილტმორის" გაყიდვების დირექტორის თქმით, ამ მიმართულებით სასტუმროში რადიკალური ცვლილებები არ იგეგმება.
"იგივე შემიძლია გითხრათ საკონფერენციო მიმართულებაზეც, ასევე მოქმედებს არსებული სიტუაცია ამ კუთხითაც. იცით, რომ როცა რუსთაველი იკეტება, რთულია აქ ღონისძიების გამართვა. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყვი, რომ კონფერენციის მიმართულება აქტიურია, რა თქმა უნდა, კლება შეინიშნება.
ზოგადად ფასების კორექტირება მოუწია, ვფიქრობ, ყველა სასტუმროს, განსაკუთრებით მათ, ვინც რუსთაველზეა. თუმცა ჩვენ არ გვაქვს ამის ფუფუნება. არ შეგვიძლია, რადიკალურად შევცვალოთ ფასები. ორიენტირებული ვართ ხარისხზე, რასაც თავისი ღირებულება აქვს, ხუთ ვარსკვლავიან ბრენდს თავისი მკაცრი მოთხოვნებიც აქვს. ამის გათვალისწინებით, ვერ შევძელით ასეთი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა და ფასების სტრატეგიის შეცვლა. თუმცა ვნახოთ, სიტუაცია როგორ გაგრძელდება, შეიძლება ჩვენც მოგვიწიოს რაღაცების გადახედვა, თუმცა რადიკალური ცვლილება არ გვაქვს", - ამბობს ქუთათელაძე.
Biltmore Tbilisi Hotel-ის გაყიდვების დირექტორის თქმით, ჯავშნების გააქტიურება გაზაფხულიდან შეინიშნება. მარიამ ქუთათელაძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ აღნიშნული ჯავშნების შესრულებაც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
"იცით, რომ თებერვალი არასდროს ყოფილა თბილისისთვის დატვირთული, ყოველთვის რთულად გადასატან თვეს ვეძახდით. უკვე მარტიდან, ჩვენ შემთხვევაში, წინასწარი ჯავშნები არის. რა თქმა უნდა, ყველაფერი ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რადგან ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე დარგი. თუ სიმშვიდე იქნება, ვფიქრობ, არსებული ჯავშნებიც განხორციელდება. სიტუაცია თუ შეიცვლება, ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ მარტის თვიდან ნამდვილად გვაქვს გააქტიურებული წინასწარი ჯავშნები", - ამბობს მარიამ ქუთათელაძე.