ფასანაურში მდებარე რესტორან „გუდას“ დატვირთვა გასულ წლებთან შედარებით სტაბილურია, თუმცა ბიზნესში აცხადებენ, რომ ევროპელი ტურისტების რაოდენობის შემცირება მაინც იგრძნობა.
რესტორნის თანადამფუძნებელი ანი ქავთარაძე BM.GE-სთან ამბობს, რომ უცხოელი ვიზიტორების სტრუქტურა შეიცვალა. კერძოდ, გარკვეული ბაზრებიდან ნაკლები სტუმარია, თუმცა ამას ქართველი მომხმარებლების აქტიურობა აბალანსებს.
„შეიძლება ითქვას, რომ დატვირთვა უცვლელია, რადგან უცხოელებთან ერთად ქართველი სტუმრებით საკმაოდ განებივრებული ვართ. თუმცა გასულ წლებთან შედარებით მაინც შესამჩნევია ევროპელი ტურისტის სიმცირე“, - აცხადებს ანი ქავთარაძე.
მისი თქმით, რესტორანს ფასების კორექტირება პროდუქციის გაძვირების გამო პერიოდულად უწევს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები სამჯერ შეიცვალა, რაც ძირითადად საქონლის ხორცის ღირებულების ზრდას უკავშირდება.
„მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, იშვიათად გადავდგათ ეს ნაბიჯი, ფასების დაკორექტირება ხანგამოშვებით მაინც გვიწევს, ვინაიდან პროდუქტის ღირებულება მზარდია. შესაბამისად, ხანგრძლივად შეუძლებელია იგივე ფასების შენარჩუნება. უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე ფასების დაკორექტირება სამჯერ მოგვიწია და აღნიშნულის მიზეზი, ძირითადად საქონლის ხორცის ღირებულების ზრდა იყო“, - ამბობს ის.
რესტორანში საშუალო დანახარჯი დაახლოებით 30-50 ლარის ფარგლებშია, თუმცა საბოლოო თანხა სტუმრის მიერ არჩეულ კერძებსა და სასმელზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება გამოწვევებს, ანი ქავთარაძე ფასანაურისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, წყლისა და ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის საკითხი რეგიონში კვლავ მოუგვარებელია. „დაბისთვის და შესაბამისად ჩვენთვისაც, მთავარ გამოწვევად რჩება წყლის და ცენტრალური საკანალიზაციო სისტემის პრობლემები, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ვერ მოგვარდა“, - აღნიშნავს რესტორნის თანადამფუძნებელი.
რესტორანი „გუდა“ ფასანაურში, თბილისი-სტეფანწმინდის ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. ობიექტი 2019 წელს გაიხსნა და ის თანადამფუძნებლებმა ანი ქავთარაძემ და მისმა ოჯახმა ბებიისა და პაპის ძველი სახლის ეზოში შექმნეს. რესტორნის კონცეფცია ქართული სამზარეულოს, ადგილობრივი ავთენტური კერძებისა და რეგიონში შედარებით განსხვავებული, მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზებას ეფუძნება.




























