მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 13%-ის ფარგლებშია" - რომელ დარგებშია საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა?

ეკონომიკა

საქართველოში ჩრდილოვანი, ანუ დაუკვირვებადი ეკონომიკის წილი 13%-ის ფარგლებშია - ამის შესახებ BMG-სთან საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს.

როგორც გოგიტა თოდრაძე ამბობს, აღურიცხავი საქმიანობების წილი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სასტუმროების და რესტორნების, ასევე ვაჭრობის და უძრავი ქონების ოპერაციების სექტორში. მისივე თქმით, საქსტატი ჩრდილოვანი, ანუ დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბის გაანგარიშებას საერთაშორისო მეთოდოლოგიის საფუძველზე ახდენს.

„საქსტატი დაუკვირვებადი ეკონომიკის შესაფასებლად სხვადასხვა წყაროს იყენებს. ისე როგორც ეს რეკომენდებულია ევროსტატის და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ. მათ შორის არის სტატისტიკური კვლევები, ადმინისტრაციული მონაცემები, სახელმწიფო ბიუჯეტის ნაწილი, მათ შორის არის სოციალური სტატისტიკის დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაცია, მაგალითად, სამუშაო ძალის სტატისტიკის შესახებ.

თუ დინამიკას შევხედავთ, შემცირების ტენდენციაა წლიდან წლამდე. დაახლოებით 13 პროცენტის ფარგლებშია დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები. ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დაუკვირვებადი ეკონომიკის მასშტაბები ტრადიციულად გახლავთ სასტუმროებისა და რესტორნების სექტორში, ასევე ვაჭრობისა და უძრავი ქონებით ოპერაციების სექტორში. შედარებით დაბალია ენერგეტიკის, ასევე საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში. შესაბამისად, ყოველწლიურად ჩვენი ფოკუსი იქითკენ არის მიპყრობილი, თუ სად შეიძლება იყოს ალბათობა დაუკვირვებადი ეკონომიკის მაღალი მასშტაბის. შესაბამისად, იმ მიმართულებით ჩვენ უფრო მეტ ძალისხმევას მივმართავთ”, - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ცნობისთვის, საქსტატის შეფასებით, 2025 წლის მესამე კვარტალის მდგომარეობით, მთლიან ეკონომიკაში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 13.6%-ს შეადგენდა. 2024 წლის მონაცემებით, საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი 12.5% იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები