საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა არაერთი მიმართულებით ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობაზე, რაც სხვადასხვა სფეროში სტრატეგიული პარტნიორობისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს.
"საუბარი შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ზრდის დინამიკას. აღინიშნა, რომ ყაზახეთი ცენტრალურ აზიაში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტაბილური სავაჭრო პარტნიორია. განიხილეს ყაზახეთიდან ინვესტიციების ზრდა საქართველოს ეკონომიკის საკვანძო სექტორებში, როგორებიცაა მათ შორის ლოგისტიკა, ენერგეტიკა, ტურიზმი და სოფლის მეურნეობა.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის პოტენციალს და საქართველოსა და ყაზახეთის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას სატრანზიტო დერეფნის შემდგომი განვითარებისა და რეგიონულ დაკავშირებადობაში მისი როლის გაძლიერებისთვის", - ნათქვამია მთავრობის ადმინისრტაციის გავრცელებულ პრესრელიზში.
ირაკლი კობახიძემ კი X-ზე დაწერა: "კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე და მეგობრული ურთიერთობები და ჩვენი მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.




























