მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავას სააპელაციო საბჭოში გავაგრძელებთ - ილიაუნი

ილიაუნი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაზე, დღეს ღია შეხვედრა ჩატარდა, სადაც საუნივერსიტეტო საზოგადოება შეთანხმდა, რომ დავას სააპელაციო საბჭოში გააგრძელებენ.

საქმე ის არის, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 27 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ უნივერსიტეტმა ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, რომელმაც ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეფასება 2024 წლის ივნისში გააკეთა.

თუმცა, 26 სექტემბერს ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა 6-წლიანი ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

უნივერსიტეტში აღნიშნავენ, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტს 6-წლიანი ავტორიზაცია 1 წელიწადში მონიტორინგის პირობით მიენიჭა, გაასაჩივრებენ, ვინაიდან საბჭომ უხეშად დაარღვია საკუთარი უფლებამოსილება.

"დღეს, 17 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ღია შეხვედრა ავტორიზაციის საბჭოს 26 სექტემბრის უსამართლო გადაწყვეტილების განხილვისა და მასზე საუნივერსიტეტო საზოგადოების შემდგომი რეაგირების მიზნით.

საუნივერსიტეტო საზოგადოება შეთანხმდა, რომ გავაგრძელებთ დავას სააპელაციო საბჭოში. მომავალში გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას, მათ შორის იმ საერთაშორისო ინსტიტუციებში, რომლის წევრია საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა", - აქვეყნებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები