ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ გუშინ, ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
უნივერსიტეტში BM.GE-ს ისიც განუმარტეს, რომ 1 წელიწადში მონიტორინგის პირობით ავტორიზაცია სასწავლებელს 6 წლის ვადით მიანიჭეს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილიაუნი პრინციპულად არ ეთანხმება საბჭოს ამ გადაწყვეტილებას.
"ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით. ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას. ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ილიაუნის შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ დღეს განათლების ექსპერტმა და ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა, სიმონ ჯანაშიამ გაავრცელა ინფორმაცია. მოგვიანებით, BM.GE-ის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს, რომ ილიაუნის მიენიჭა 6-წლიანი ავტორიზაცია, ოქმი საჯარო იქნება 10 სამუშაო დღეში.