მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სიმონ ჯანაშიას თქმით, ილიაუნის პირობითი ავტორიზაცია მისცეს - "სახელმწიფო მუქარას ასრულებს"

ილიაუნი

ილიას უნივერსიტეტს, რომელიც ავტორიზაციის პროცესს გადიოდა, პირობითი ავტორიზაცია მისცეს, - ამის შესახებ განათლების ექსპერტმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა.

მისი თქმით, მიზეზი უცნობია, ვინაიდან ილიას უნივერსიტეტს ავტორიზაციისთვის საჭირო დადებითი დასკვნა ჰქონდა. როგორც ჯანაშია ამბობს, „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ხელში ჩაიგდოს ის ინსტიტუციები, რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფალია.

„მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნა, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს. შესაბამისად, თქვეს, რომ უნივერსიტეტი მიიღებს პირობით აკრედიტაციას, ერთი წლის შემდეგ გაივლის შემოწმება და გაირკვევა, ექნება თუ არა ავტორიზაცია უნივერსიტეტს. როცა ითხოვეს რომ განემარტათ ეს გადაწყვეტილება, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ უნდა გასულიყო, სავარაუდოდ, იქ ვიღაცას მოეთათბირა, არსებობს მოსაზრება, რომ დილითაც დაურეკეს მას. შემდეგ ბრუნდება ის საბჭოზე და ამბობს, რომ არ არის ვალდებული, საზოგადოებას განუმარტოს გადაწყვეტილება. პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება, ვერ მიიღეს. სამწუხაროა ისიც, რომ ავტორიზაციის საბჭოს მხოლოდ ერთმა წევრმა მისცა ხმა წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო“, - განაცხადა ჯანაშიამ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ჯერ ზეპირად არის ცნობილი და ოფიციალურად მის შესახებ უნივერსიტეტმა ოქმი ორი კვირის ვადაში უნდა მიიღოს.

ამასთან, სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტისადმი ასეთი დამოკიდებულება, სავარაუდოდ, უნივერსიტეტის კრიტიკულმა მიდგომამ გამოიწვია ხელისუფლების ქმედებების მიმართ.

„შარშან, როცა პირველად „რუსული კანონი“ გამოიტანეს, მაშინ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურობდნენ. "ოცნებისთვის" ასევე მტკივნეული იყო ის, რომ როცა აქ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა, მას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ილიას უნივერსიტეტში ჰქონდა და იმ შეხვედრაზე ხელისუფლება არ მიიწვიეს.

მეორედ როცა გამოიტანეს „რუსული კანონი“, მაშინაც აპროტესტებდნენ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორების ნაწილმა კი აქტიურად გამოუცხადა მათ მხარდაჭერა, რომ შეეძლოთ ლექციების გაცდენა და მერე ანაზღაურება. ამას მოჰყვა ის, რომ სამინისტრომ შეკრიბა რექტორების საბჭო და დააწერინა წერილი, სადაც ეწერა, რომ უნივერსიტეტები ემიჯნებოდნენ პოლიტიკას, ამ წერილს ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ხელი არ მოაწერა. ასევე, მეორე, რაც მაშინ მოხდა, იყო ის, რომ განათლების სამინისტრომ ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობის და თანამშრომლების გვერდის ავლით, ამ ცენტრის სახელით გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც დაემუქრა უნივერსიტეტებს, რომ მათ პრობლემები შეექმნებოდათ ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში. ამ მუქარას ახლა სახელმწიფო ასრულებს. შიგადაშიგ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პროფესორები პოლიტიკური ნიშნით არიან უნივერსიტეტებში დანიშნული და "ოცნების" პრიორიტეტი მხოლოდ ორი უნივერსიტეტის - თსუ-ს და ქუთაისის უნივერსიტეტის განვითარებაა“, - განმარტავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.

bm.ge საკითხზე განათლების სამინისტროსთან შეეცდება დაკავშირებას და მათ განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები