მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნივერსიტეტები, რომლებიც პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესს აჩერებენ

cu

ქვეყანაში არსებულ საპროტესტო ტალღას უნივერსიტეტებიც უერთდებიან. უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა დღეს გაავრცელეს განცხადებები, რომლითაც მხარი დაუჭირეს ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას და, პროტესტის ნიშნად, დროებით შეაჩერეს სასწავლო პროცესი.

იმ უნივერსიტეტებს შორის, რომლებიც სასწავლო პროცესს აჩერებენ, კავკასიის უნივერსიტეტია, რომლის სტუდენტებმაც ადმინისტრაციის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღეს: "ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია".

სასწავლო პროცესს წყვეტს საქართველოს უნივერსიტეტიც, რომელმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა: "ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვწყვეტთ სწავლას. გვჯერა, რომ დღეს ყველას უპირველესი მოვალეობაა საქართველოს დაბრუნება ევროპული მომავლის გზაზე".

29 ნოემბრის 17:00 საათიდან სწავლა შეწყდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში.

"უნივერსიტეტი დროებით აჩერებს სასწავლო პროცესს!" - წერს GIPA სოციალურ ქსელში. გავრცელებულ განცხადებაში უნივერსიტეტი აღნიშნავს, რომ GIPA დაარსების დღიდან ერთგულია დემოკრატიისა და თავისუფლების იდეის და მხარს უჭერს ქართველი ერის ნებას, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

სასწავლო პროცესი გადაიდო ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტშიც. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ BTU სრულად იზიარებს სტუდენტებისა და ადმინისტრაციის პოზიციას ევროინტეგრაციის მნიშვნელობასთან დაკავშირებით: " აკადემიურმა საბჭომ, სტუდენტების ინტერესებისა და მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება სასწავლო პროცესის გადადების შესახებ".

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც მთავრობა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან იღებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. განცხადებას გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და გაემიჯნა ხელისუფლების პოზიციას.

"აღშფოთებით ვემიჯნებით საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე უარის თქმას. მივიჩნევთ, რომ აკადემიური საზოგადოების ვალია, დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი", - ნათქვამია ილიაუნის აკადემიური საბჭოს განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების ადმინისტრაციამაც:

"თავისუფალი უნივერსიტეტისა და აგრარული უნივერსიტეტის მენეჯმენტი ყოველთვის დარწმუნებული იყო და დღესაც მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერება უკიდურესად საზიანოა საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის. საქართველოს სწრაფვა დასავლური ცივილიზაციისა და ფასეულობებისკენ ეფუძნება ხალხის ნებას და უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციით.

ვიაზრებთ, რომ თავისუფლებისათვის ბრძოლას სჭირდება ღირებულებების დაცვა, რაც ცოდნას, თანმიმდევრულობასა და დიდ ძალისხმევას მოითხოვს", - ნათქვამია განცხადებაში.

[ინფორმაცია განახლებადია]

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები