მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავების საბჭო პროფესიონალების ხელშია, თუმცა თანამდებობრივად მიკერძოებულები არიან - იურისტი

ქეთი ქვარცხავა

იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორის ქეთი ქვარცხავას შეფასებით, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭო პროფესიონალების ხელშია, მაგრამ თანამდებობრივად მიკერძოებულები არიან.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საგადასახადო დავების საბჭოს რეფორმირებაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წელს დაიწყო და USAID-ის დახმარებით, რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მომზადდა, მაგრამ ამ დრომდე სისტემის რეფორმირება ვერ განხორციელდა.

საგადასახადო დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროსთან არსებული ორგანოა, რომელსაც გადასახადის გადამხდელი მიმართავს მაშინ, როდესაც შემოსავლების სამსახურმა მას დააკისრა გარკვეული საგადასახადო თუ საბაჟო გადასახადი, თუმცა სუბიექტი არ ეთანხმება და ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ჯერ შემოსავლების სამსახურშივე, შემდეგ კი ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ ორგანოში, რომელსაც მინისტრი თავმჯდომარეობს. 10-წევრიან საბჭოში 8 ფინანსთა სამინისტროდანაა, ერთი ბიზნესომბუდსმენის აპარატის წევრია და ერთიც - საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი.

კერძო სექტორის მხრიდან უკვე წლებია გვესმის წუხილი, რომ სისტემა არაერთი მიზეზის, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტის გამო, რეფორმირებას საჭიროებდა.

ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭოს რეფორმის ბოლომდე მიყვანის საჭიროებას ხედავს იურიდიული ფირმა BLC-ის მმართველი პარტნიორი ქეთი ქვარცხავაც.

რეფორმის სამუშაო ჯგუფში სხვადასხვა დროს BLC-ც მონაწილეობდა და იურისტის ინფორმაციით, რეფორმის საბოლოო კონცეფცია, რომელიც USAID-ის დახმარებით მომზადდა და ფინანსთა სამინისტროსთან და ბიზნესასოციაციებთან შეჯერდა, საბჭოს ისევ ფინანსთა სამინისტროში დატოვებას ითვალისწინებდა, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ საბჭოს მუდმივმოქმედ 5 წევრს დამოუკიდებელი ბორდი წარადგენდა და საქართველოს მთავრობა დაამტკიცებდა.

„ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების საბჭოს მექანიზმი საკმაოდ სენსიტური მექანიზმია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, არ მოხდეს არასწორი მექანიზმის შემოღება და არ გამოიწვიოს უარყოფითი ჯაჭვური რეაქცია. ამ წუთს, დავების განხილვის საბჭო პროფესიონალების ხელშია, თუმცა - თანამდებობრივად მიკერძოებული პროფესიონალების... სინამდვილეში რა არის პრობლემა? დავების განხილვის საბჭო ძალიან კომპეტენტური ხალხითაა დაკომპლექტებული დაა მათ ბიოგრაფიებს და საქმიანობას რომ გადახედოთ, ნამდვილად შეგექმნებათ წარმოდგენა, რომ მათ კარგად ესმით საგადასახადო სამართალი, მაგრამ საქმე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტთან - ვგულისხმობ იმას, როცა ერთი და იმავე უწყების წარმომადგენელი თავისივე უწყების მიერ გამოცემული აქტის ბათილობაზე მსჯელობს. ციფრები შეიძლება ყველას შეეშალოს, მაგრამ აღიაროს და ეს არაა პრობლემა, თუმცა როცა საუბარია კანონის განმარტებაზე, ფინანსთა სამინისტროს უწყებაში, რა თქმა უნდა, არ აქვთ იმის მოტივაცია, რომ შეცვალონ მიდგომა ან ის პოლიტიკა, რომელსაც ახორციელებენ...

ამდენად, ვფიქრობ, ეს საკითხი აუცილებლად უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და რადგან სისტემის რეფორმირებისთვის ამდენი სამუშაოც გაწეულია, რეფორმა ბოლომდე უნდა მივიდეს“, - განაცხადა BLC-ის მმართველმა პარტნიორმა.

ამასთან, ამ თემაზე საუბრისას ქეთი ქვარცხავამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მთლიანობაში საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანონმდებლობაა და „ბიზნესის მიმართ ნამდვილად ლოიალურია“.

ცნობისთვის: ჯერ კიდევ 2020 წელს მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ამბობდა, რომ „USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე მუშაობა დაიწყო“.

საგადასახადო დავების განხილვის სისტემის რეფორმირების თაობაზე დაპირება ჩაიწერა „ქართული ოცნების“ 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამაში და ასევე, 2024-2027 წლებისათვის ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტში, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო ამზადებს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ არც 2025-2028 წლებისათვის განახლებულ დოკუმენტში და არც 2024-2028 წლების სამთავრობო პროგრამაში დავების საბჭოს რეფორმის ჩანაწერი არ გვხვდება.

„ოფიციალური დოკუმენტებიდან დავების საბჭოს რეფორმირებაზე დაპირებების ამოღება ნიშნავს თუ არა იმას, რომ აღარ იგეგმება დავების საბჭოს რეფორმირება? თუ - არა, რატომ? თუ - კი, რა ფორმით იგეგმება? ასევე, კონკრეტულად რაში გამოიხატა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის რეფორმის პროცესში მონაწილეობა?“ - ამ კითხვებით BMG-მ ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურს მიმართა, საიდანაც მხოლოდ ზოგადი პასუხები მივიღეთ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის და კერძო სექტორის წარმომდგენელთაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა წინადადებები საგადასახადო დავების სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით.

ამასთან, დონორის დახმარებით მომზადებულია აღნიშნული რეფორმის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA).

ამ ეტაპზე, აღნიშნული წინადადებების ინიციირების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილება ფინანსთა სამინისტროს სისტემაში და საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს წერილობით პასუხში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები