მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დავისახეთ მიზნები, რათა საქართველო-ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეს შეესაბამებოდეს" - დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრ ვანგ ვენთაოს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის სარტყელისა და გზის ინიციატივის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის სამოქმედო გეგმის და მისი განხორციელების საკითხზე - აღნიშნულ გეგმას ხელი 2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის დროს მოეწერა.

„კომისიის ფარგლებში შეხვედრა გვქონდა ჩინეთის კომერციის მინისტრთან, ბატონ ვანგ ვენთაოსთან, რა დროსაც ვისაუბრეთ ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით ახალი ეტაპის დაწყებაზე. განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი პოტენციური საინვესტიციო პროექტები, როგორიცაა შუა დერეფნის გაძლიერება, ინვესტიციები ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროში, ინვესტიციები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ასევე სავაჭრო ურთიერთობების გაძლიერება და სავაჭრო ბარიერების დაძლევა. რა თქმა უნდა, დავისახეთ კონკრეტული მიზნები იმისთვის რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობა შეესაბამებოდეს სტრატეგიული პარტნიორობის დონეს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

 ამასთანავე, საუბარი შეეხო ჩინეთთან სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე მას შემდეგ, რაც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. აღინიშნა, რომ შეთანხმების ძალაში შესვლიდან 5 წლის შემდგომ, ჩინეთისა და საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, 2022 წელს, 2017 წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა 94%-ით გაიზარდა, ექსპორტი კი  265%-ით  გაიზარდა და 736.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა ექსპორტის სტრუქტურა და ჩინეთის სამომხმარებლო ბაზარზე საქართველოდან ახალი საექსპორტო პროდუქციები გამოჩნდა. ამავე დროს, მინისტრებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ შეთანხმებას მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ორივე ქვეყნისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ჩინეთში ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ, ჩინეთის ბაზარი ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული და პრიორიტეტულია ქართული ღვინის ინდუსტრიისთვის. ითქვა, რომ ამჟამად ჩინეთში 40-მდე ქართული ღვინის სახლი, მაღაზია და სალონი მოქმედებს, ხოლო ღვინის ექსპორტს 90-მდე ქართული ღვინის კომპანია ახორციელებს. ქართული მხარის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ჩინეთის მარკეტინგული და ღვინის სადისტრიბუციო კომპანიების იდენტიფიცირება ჩინეთში ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდის მიზნით.

განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ისეთ საკვანძო სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, აგრეთვე ენერგეტიკა, ტურიზმი და სამოქალაქო ავიაცია. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამშრომლობაზე საქართველოზე გამავალი შუა დერეფნის მეტი პოპულარიზებისა და აღნიშნულ მარშრუტში ახალი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით, ასევე საუბარი წარიმართა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც სამომავლოდ შუა დერეფნის გამტარუნარიანობაზე მოახდენს პოზიტიურ გავლენას. ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურის განვითარების პროექტზე, ასევე ჩინეთთან პირდაპირი ავიამომისვლის სიხშირის გაზრდასა და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები