მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით კეზერაშვილი ყვება, როგორ და რატომ დაიწყო ნავთობპროდუქტების გადაზიდვის ბიზნესი

6429d3e2d483a
BM.GE
02.04.23 23:05
8371

2008 წელს, როცა წამოვედი თავდაცვის სამინისტროდან, რამდენიმე მეგობართან ერთად ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია შევქმენი, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, "ფორმულას" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა, გადაცემა "დროებაში" სტუმრობისას ისაუბრა.

"2008 წელს, როცა წამოვედი თავდაცვის სამინისტროდან, მქონდა ორი არჩევანი - დავრჩენილიყავი პოლიტიკაში და მქონდა შემოთავაზება მიშასგან ან წავსულიყავი კერძო სექტორში. მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემთვის აქტიური პოლიტიკა იყო დასრულებული და წავედი კერძო სექტორში. ვიყავი ფინანსური პოლიციის უფროსი და თავდაცვის მინისტრი - შესაბამისად, მე მქონდა შესაძლებლობა ძალიან კარგად მცოდნოდა რა არის ბიზნეს შესაძლებლობები საქართველოში და რისი გაკეთება შეიძლება. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პერიოდი როცა საქართველომ, 2008 წლამდე განიცადა დიდი ნახტომი ეკონომიკური თვალსაზრისით.

გვახსოვს ინვესტორების რიგი, რომლებიც ჩამოდიოდნენ საქართველოში და ინვესტიციის განხორციელება უნდოდათ. ზოგ მათგანს მეც ვიცნობდი - შესაბამისად, როცა წამოვედი, ჩემს რამდენიმე მეგობართან ერთად, დავსხდეთ და გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა ნავთობპროდუქტების გადაზიდვის კომპანია... მაშინ ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენს კორიდორში იყო ერთი ნაკლოვანება. ყველა გადამზიდავს, ჰქონდა მთავარი პრობლემა - უწევდათ ყველა ქვეყანასთან ცალკე კონტრაქტის გაფორმება. ჩვენ შევთავაზეთ ერთი ფანჯრის პრინციპი. გვქონდა ჩვენი კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანაში და შევთავაზეთ გამარტივებული სერვისი და ამან ძალიან კარგად იმუშავა. ეს იყო როგორც დავიწყე ბიზნესი. არის ბევრი ლაპარაკი, რომ მე იქიდან [თავდაცვის სამინისტროდან] წამოვედი ბევრი ფულით და რაღაცები, ამაზე მოგვიანებით ვილაპარაკეთ, თუმცა ბიზნესი დავიწყე ასე. ჩვენ შემოვიყვანეთ ინვესტორი - დავით იაკობაშვილი, ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც 2010 წელს შემოვიდა ამ ბიზნესში და შემოიტანა ფული. მაშინ დაიწყო ამ კომპანიის კიდევ უფრო ზრდა", - თქვა კეზერაშვილმა.

ის ასევე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დროს მას მოუწია მის მიერ დაფუძნებული კომპანიის წილების დათმობა და ქვეყნის დატოვება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მას საქართველოში ბიზნესი არ აქვს და ერთადერთი აქტივი ტელეკომპანია "ფორმულაა".

გარდა ამისა, თავდაცვის ყოფილი მინიტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება ამ დრომდე ცდილობს მის სხვა ქვეყანაში არსებულ ბიზნესებს პრობლემები შეუქმნას.

"სამწუხაროდ, 2012 წელს მე მომიწია დამეთმო ჩემი წილები, ეს იყო მოთხოვნა ახალი მოსული მთავრობის მხრიდან და დამეტოვებინა საქართველო. მე ასე მოვიქეცი დავთმე ჩემი წილები პარტნიორების სასარგებლოდ და გავედი საქართველოდან. შესაბამისად, დღეს მე საქართველოში არანაირი ბიზნესი არ მაქვს, ერთადერთი აქტივი რაც მაქვს, არის ფორმულა და ბოლო 10 წელია ვმუშაობ საზღვარგარეთ, რამდენიმე ქვეყანაში. ძირითადად 2 სფეროს მიმართულებით - ეს არის ტექნოლოგიები და უძრავი ქონება. [ეს სფეროები] კონცენტრირებულია რამდენიმე ქვეყანაში, ახლა არ დავასახელებ არც ქვეყნებს და არც კომპანიებს, იმიტომ, რომ როგორც კი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები იგებენ - სად, რას ვშვრები, ისინი არ აკლებენ მცდელობას მოვიდნენ იქ და შექმნან მაქსიმალური პრობლემები", - განაცხადა კეზერაშვილმა.

წყარო: formulanews

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები