მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტალურგიული პროდუქცია და სამკურნალო საშუალებები - რას ვყიდულობთ/ვყიდით ინდოეთში?

საქართველო - ინდოეთი

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში ინდოეთიდან საქართველოში ვიზიტების რაოდენობა 29.5%-ით შემცირდა.

კლების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად რეგიონში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარება, მათ შორის ირანში მიმდინარე ომი და მასთან დაკავშირებული ფრენების შეზღუდვა სახელდება.

საგულისხმოა, რომ ცოტა ხსნის წინ ინდოეთის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, IndiGo-მ, დროებით შეაჩერა ფრენები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის თბილისის მიმართულებითაც. გადაწყვეტილება კომპანიამ რეგიონში უსაფრთხოების რისკების ზრდით, განსაკუთრებით კი ირანის საჰაერო სივრცესთან დაკავშირებული საფრთხეებით ახსნა.

BM.GE დაინტერესდა, თუ რას ვაჭრობს საქართველო ინდოეთში.

საქსტატის მონაცემებით, საქართველო-ინდოეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 2025 წელს გაიზარდა და $134 მილიონს გადააჭარბა, მაშინ როცა 2024 წელს აღნიშნული მაჩვენებელი $132.5 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა წლიურად 1.17%-ით არის გაზრდილი.

ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან ინდოეთში ექსპორტის ძირითად ნაწილს ნედლეული და მეტალურგიული პროდუქცია შეადგენს. კერძოდ, ყველაზე დიდი მოცულობით გატანილია დაუმუშავებელი ტყვია - $313 ათასი, სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $289 ათასი და შავი ლითონების ნარჩენები - $244 ათასი. ექსპორტში ასევე შედის თხილი და სხვა კაკალი ($120 ათასი), ალუმინისა ($86 ათასი) და თუთიის ($50 ათასი) ნარჩენები. შედარებით მცირე მოცულობით ინდოეთში იყიდება სამედიცინო და ვეტერინარული დანიშნულების მოწყობილობები ($19 ათასი), საკისრები ბურთულა ან გორგოლაჭიანი ($10 ათასი) და პლასტმასის ნაწარმი ($1 ათასი).

რაც შეეხება იმპორტს, 2026 წლის პირველ ორ თვეში ინდოეთიდან საქართველოში ყველაზე მსხვილი კატეგორია სამკურნალო საშუალებებია, რომლის მოცულობამ $1.5 მილიონი შეადგინა. ასევე მაღალია სპეციალური ტექნიკის იმპორტი - ბულდოზერები, ექსკავატორები და სხვა სამშენებლო მანქანები ($1.2 მილიონი). მნიშვნელოვანი წილი უკავია ბრინჯს ($940 ათასი), კიბოსნაირებს ($588 ათასი) და სარეცხ მანქანებს ($585 ათასი).

იმპორტის სხვა მიმართულებებს შორისაა სითხის ტუმბოები ($464 ათასი), კერამიკული ფილები ($390 ათასი), ორთოპედიული საშუალებები ($369 ათასი), მინერალური მასალების დასამუშავებელი მოწყობილობები ($362 ათასი) და სამედიცინო ტექნიკა ($350 ათასი).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები