გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომ რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნება, რომელიც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის განკარგვაში იქნება.
მინისტრის თქმით, კომპანიამ, რომელმაც გასულ წელს აღნიშნულ ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია მოიპოვა, გათვალისწინებული ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც სახელმწიფომ დაიწყო მუშაობა ეს აღნიშნული სალიცენზიო არეალი მუნიციპალიტეტს გადაეცეს და ადგილზე დაცული ტერიტორია მოეწყოს.
ოთარ შამუგიას მიერ დასახელებული ლიცენზიანტი “ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკაა”, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული.
“შარშან გავეცით ლიცენზია იქ სამონადირეო მეურნეობის მოწყობაზე და ეს ლიცენზია ითვალისწინებდა მთელ რიგ ღონისძიებებს, ინვესტიციას 5 მილიონ ლარზე მეტად, მოსახლეობის დასაქმებას, სხვადასხვა პუნქტის აღდგენას, ინფრასტრუქტურის მოწყობას და რეგიონის განვითარებას. ეს ყველაფერი მიმართული იყო იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები ყოფილიყო დაცული და მათი სოციალურ ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. თუმცა, ლიცენზიანტმა არანაირი ღონისძიება არ განახორციელა, შესაბამისად ჩვენ გვქონდა ამაზე გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან რეაგირება და შესაბამისი ოქმები დაიწერა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და შესაბამისმა სამსახურებმა ამაზე უკვე განცხადებები გააკეთეს.
შემდგომში ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად, შესაბამისად ჩვენი სააგენტოები მუშაობენ, რათა ამ ტერიტორიაზე მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მოსახლეობის ინტერესები და შევქმნათ დაცული სტატუსის ტერიტორია, რომელიც გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკა და თავად ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტი მიიღებს იმ სიკეთეებს, რომელიც ჩვენ დაცული ტერიტორიის შექმნის შემთხვევაში გვქონია ქვეყანაში", - განაცხადა შამუგიამ.
ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულ კომპანიას გასულ წელს სახელმწიფომ 104,712 ჰექტარი ტყის ფართობი 49 წლის ვადით სალიცენზიო სარგებლობაში გადასცა, რაც თავის მხრივ 1,047 კვადრატული კილომეტრის ტოლია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ივლისში გავრცელებული განცხადების მიხედვით, "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას" მიმართ სამართალდარღვევის ოქმები შედგა. როგორც აღნიშნული განცხადებიდან გაირკვა, კომპანიამ დაარღვია პირობა, რაც მისი სალიცენზიო არეალის განვითარების გეგმის შედგენას და ამ გეგმის სახელმწიფოსთვის წარდგენას ითვალისწინებდა. აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენა კომპანიას 2022 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით ევალებოდა. ამასთან, კომპანიას არც სალიცენზიო პირობების დაცვის ანგარიში არ წარუდგენია სახელმწიფოსთვის.