4 წლის განმავლობაში დავით ხიდაშელი მხოლოდ სიმბოლურად იკავებდა თავდაცვის მინისტრის მრჩევლის თანამდებობას - ამის შესახებ, ჟურნალისტებთან ყოფილმა პრემიერმა და მმართველი პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დავითგარეჯის რუკების ჩამოტანით ხიდაშელმა სახელმწიფოს ძალიან დიდი საქმე გაუკეთა.
" არ ვიცი, ეს თემა რატომ არის ასეთი აქტუალური, მაგრამ რადგან კითხვები დაგროვდა, გეტყვით. დავით ხიდაშელს ჩვენ ჩამოვატანინეთ ძალიან მნიშვნელოვანი რუკები, რომელიც ქართულ სახელმწიფოს გააძლიერებდა. მან ძალიან დიდი საქმე გასწია, მას მადლობა გადავუხადეთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მასალა ჩამოგვიტანა ჩვენ, სახელმწიფოს. 4 წელი, იგი სიმბოლურად იყო მრჩევლის თანამდებობაზე. ძალიან კარგად ერკვევა საზღვრის დემილიტარიზაციის საკითხებში, რუკებში და ა.შ" - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა პრობლემა, რომ ამ ხნის განმავლობაში ხიდაშელს წვდომა ჰქონდა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციებზე, ღარიბაშვილი ამბობს,რომ მსგავსი კითხვები უსაფუძვლოა.
" საერთოდ წარმოდგენა არ გაქვთ არაფერზე და ატყუებთ ხალხს. შრომით ხელშეკრულებას გაასაჯაროებენ. 4 წელი ისე მუშაობდა კითხვა არ დასმულა. არ მესმის, ახლა რატომ აწიეთ ეს თემა" -- თქვა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა გავრცელებიდან მომდევნო დღეს, 15 მარტს და აღნიშნა, რომ დავით ხიდაშელი მინისტრის მრჩეველი იყო 2020 წლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდში.