მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია - სემეკ-ის თავმჯდომარის სკამთან ახლოს და კანონის ძალით შორს

5d976e948067b
დავით ჯალაღონია
04.10.19 21:10
2551
1 ოქტომბერს პარლამენტმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარედ, სემეკ-ის მოქმედი წევრი დავით ნარმანია ვერ დაამტკიცა.

აღნიშნულის მიზეზი პარლამენტის პლენარულ სესიაზე გაირკვა, როცა ნარმანიას კანდიდატურისთვის დეპუტატებს კენჭი უნდა ეყარათ. კერძოდ, ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა კოლეგებს საქართველოს კონსტიტუციიდან ის ჩანაწერი შეახსენა, რომლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტს პარლამენტისთვის მხოლოდ მარეგულირებელი კომისიის წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვს და არა - თავმჯდომარის.

„საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურს; ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს; ორგანული კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით მონაწილეობს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების თანამდებობაზე განწესებაში; მთავრობის წარდგინებით პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატებს“, - წერია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის დ) ქვეპუნქტში.

ამ კონსტიტუციურ ჩანაწერთან შეუსაბამობაშია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლში მოცემული შინაარსი:

„კომისიის თავმჯდომარე და მისი მოვალეობანი

1. საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინებით საქართველოს პარლამენტს კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად წარუდგენს კომისიის ერთ-ერთი წევრის კანდიდატურას. საქართველოს პარლამენტი კენჭს უყრის წარმოდგენილ კანდიდატურას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს. კომისიის თავმჯდომარეს უფლება აქვს, გადადგეს ამ თანამდებობიდან, მაგრამ დარჩეს კომისიის წევრად დარჩენილი ვადით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის რომელიმე წევრს დააკისროს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება“.

დარგობრივი კანონის კონსტიტუციასთან შეუსაბამობის მიუხედავად, ნარმანიას კანდიდატურაზე, პლენარულ სესიამდე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელეს და მხარიც დაუჭირეს. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონსტიტუციური დილემა, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, არც თავად დავით ნარმანიას შეუნიშნავს, ისე შეხვდა საქართელოს პრეზიდენტს და საკუთარი გეგმები, როგორც სემეკ-ის მომავალმა თავმჯდომარემ გააცნო.

გახდება თუ არა ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარე?

დაიკავებს თუ არა დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარის თანამდებობას, ეს საკითხი უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რადგან პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განახორციელოს, რომლის თანახმად, მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს არა საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით - პარლამენტი, არამედ თავად კომისიის წევრები აირჩევენ.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა BM.GE-ისთან საუბრისას განაცხადა, ორშაბათს, 7 ოქტომბერს, პარლამენტის ბიუროზე „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პრიოექტი დარეგისტირდება, რომელიც სემეკ-ის თავმჯდომარედ არჩევის იმ წესს დაამკვიდრებს, რაც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მოქმედებს.

"კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს კომისია საკუთარი შემადგენლობიდან, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 3 წლით, მოქმედი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 30 და არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო მოქმედი თავმჯდომარის თანამდებობრივი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების შეწყვეტიდან 15 კალენდარულ დღეში. ერთი და იგივე პირი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კომისიის თავმჯდომარედ 1-ზე მეტი ვადით“, - წერია მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში.

„კანონპროექტი იმას ითვალისწინებს, რომ ვინაიდან პრეზიდენტს არ გააჩნია კონსტიტუციური პრეროგატივა, რომ კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა პარლამენტს წარუდგინოს, გადავწყვიტეთ, რომ მსგავსი რეგულაცია, ის რაც ხდება მეორე მარეგულირებელში (კომუნიკაციების კომისია), დაახლოებით, ისეთი რეგულაცია შემოვიღოთ ენერგეტიკის მარეგულირებეთან მიმართებაში, კერძოდ, კომისიის თავმჯდომარეს თავად კომისიის წევრები აირჩევენ, თავიანთი რიგებიდან, ხმების უმრავლესობით.

კანონპროექტში ასეთი რამ წერია, კომისიის ორ წევრს აქვს უფლება, დაასახელოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა და შემდგომ კომისია ხმების უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას“, - განმარტა კახიანმა და დასძინა, რომ კომისიის ნებისმიერ ორ წევრს შეეძლება კანდიდატურის დასახელება.

„ვისაც გადაწყვეტენ, რომ შეიძლება იყოს თავმჯდომარე, თავადვე მიიღებენ გადაწყვეტილებას. ახლა რასაც გეუბნებით, პროექტის რედაქციაა, მაგრამ განხილვები როდესაც დაიწყება, შეიძლება რაღაც შეიცვალოს, თუმცა ის პრინციპი, რომ თავად კომისიამ აირჩიოს თავმჯდომარე, მგონია, რომ აღარ შეიცვლება“, - აღნიშნა მან.

კითხვაზე, ამ მიდგომით, შესაძლოა თუ არა, თავმჯდომარე ნარმანია არ გახდეს, გიორგი კახიანმა პასუხად ამის მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა დაუშვა.

„თავმჯდომარედ კომისიის ნებისმიერი წევრის არჩევის თეორიული ალბათობა არის, თუმცა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, არ ვიცი. დიდი ალბათობაა, რომ მათ ისევ ბატონი დავით ნარმანიას კანდიდატურა დაასახელონ და ის გახდება კომისიის თავმჯდომარე“, - მიიჩნევს დეპუტატი.

გიორგი კახიანის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სემეკ-ის ახალი თავმჯდომარის ასარჩევად კანონპროექტი ბიუროზე დარეგისტრირდება, მას პარლამენტი კენჭს 14 ოქტომბრის სასესიო კვირაში, დაჩქარებული წესით უყრის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები