მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით ნარმანია იმედოვნებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგებები თვის ბოლოსთვის შედგება

სემეკი

სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანიას იმედი აქვს, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა შედგება. მისი თქმით, კომპანიები ფასების მორგებაზე არ ზრუნავენ გამომდინარე იქიდან, რომ ვაჭრობა ნებაყოფლობითია და ეს შეიცვლება მაშინ, როცა ვაჭრობა სავალდებულო გახდება. ნარმანია იმედოვნებს, რომ ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგებები თვის ბოლოსთვის შედგება.

“დღეის მდგომარეობით, ენერგეტიკულ ბირჟაზე სამი მიმწოდებელი და სამი მომხმარებელია რეგისტრირებული: “თელასი”, “სახელმწიფო ელექტროსისტემა” და კიდევ ერთი კერძო კომპანია. მეორე მხარეს არის თბო და მცირე ჰიდროსადგურები. აქაც სამი მიმწოდებელია. ჯერჯერობით ბირჟაზე ფასზე გარიგება არ მომხდარა, ვინაიდან ბირჟაზე სურთ, უფრო მეტი ფასი მიიღონ, 14-15 თეთრის ფარგლებში, ხოლო მომხმარებლები მზად არიან, 12-13 თეთრი გადაიხადონ ენერგიის შესაძენად. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით ვაჭრობა არ შემდგარა, თუმცა ვვარაუდობთ, რომ თვის ბოლოსთვის იქნება გარკვეული ვაჭრობა.

როცა მომხმარებლები შეხედავენ, რომ დაბალ ფასად ვერ იქნება ვაჭრობა, იქნებიან მზად, რომ მეტი გადაიხადონ. როცა ენერგიის მიმწოდებლები ნახავენ, რომ ამ ფასად ენერგიას ვერ გაყიდიან, ფასს ცოტა დაწევენ. მათი ფასები ერთმანეთს აუცილებლად დაუახლოვდება, ერთ წერტილში გადაიკვეთებიან და შედგება ვაჭრობა. გარდა ამისა, გამომდინარე იქიდან, რომ ვაჭრობა ნებაყოფლობითია, ეს არ აიძულებს კომპანიას, რომ ერთმა ფასი დასწიოს და მეორემ ასწიოს, როცა სავალდებულო გახდება, ვაჭრობა აუცილებლად იქნება, თან ყოველდღიურ რეჟიმში”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ცნობისთვის: ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, 1 ივლისს, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები