დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოლოდინით, ავტომფლობელებს მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა "დღეში ლარზე ნაკლები" დაუჯდებათ. ამის შესახებ მან BMG-ის, მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
საქმე ეხება, ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტს, რომელიც მთავრობამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად უნდა შეიტანოს.
დავით ონოფრიშვილის თქმით, ჯერჯერობით უცნობია თუ როდის წარედგინება ინიციატივა პარლამენტს და საბოლოოდ რა სახით მოხდება მისი მიღება, თუმცა დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ ავტომობილებს მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანაში მოქმედებს.
დავით ონოფრიშვილის თქმით, წინა წელს არსებული ფასების შესაბამისად, მესამე პირის დაზღვევის წლიური ღირებულება დაახლოებით 200-250 ლარს შეადგენს, თუმცა მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის ღირებულება საბოლოო ჯერ განსაზღვრული არ არის.
"ტარიფი ჩვენ არ ვიცით, იმიტომ, რომ ზუსტად უფრო სწორად ის ვიცით, რაც იყო დაახლოებით ერთი წლის წინ. იმის მერე ბევრი რამ კი გაძვირდა - მანქანის ნაწილეი, სერვისები შედარებით გაძვირებულია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ის ფასი დარჩეს, რაც საშუალოდ დაახლოებით 200-250 ლარს შეადგენს", - განმარტა მან.
ონოფრიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღიურ ხარჯებთან შედარებით, ეს თანხა უმნიშვნელოა: "რომ გაყოთ 365 დღეზე ნახავთ, რომ დღეში ეს გადასახადი ლარზე ნაკლებია, რომელიც ფაქტობრივად თქვენ ძალიან სერიოზული რისკებისგან გაზღვევთ".
მთავრობის გეგმის მიხედვით, სავალდებულო დაზღვევა მიმართული იქნება ავარიების შედეგად გამოწვეული სოციალური პრობლემების მოგვარებისკენ და ხელს შეუწყობს სადაზღვევო კულტურის ამაღლებას ქვეყანაში.
დავით ონოფრიშვილი განმარტავს: "რეალურად, ამ კანონის შემოღებით სავალდებულო იქნება ის მინიმალური დაზღვევა, რომ თქვენ მესამე პირის არასწორი ქმედებისგან დაზღვეული იყოთ და ვიღაცის არასწორი ქმედებისგან თქვენ არც ფინანსური და არც სხვა ზარალი არ უნდა მოგადგეთ," - აცხადებს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი.
ონოფრიშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით დაცულები იქნებიან ისეთი მესამე პირები, "რომელს სრულიად შემთხვევით ხდება ავტო შემთხვევა და ისინი არ არიან პასუხისმგებლები ამ შემთხვევაზე და ამ დაზიანებაზე." დაზღვევა მოიცავს როგორც ჯანმრთელობის დაზიანების ფინანსურ ანაზღაურებას, ისე მანქანის შეკეთების ხარჯებს.
"იცით, რომ როცა ხდება ეს შემთხვევები, მით უმეტეს თუ ძვირად ღირებულ მანქანასთან გვაქვს საქმე, პირს სერიოზულ სახსრების გაწევა და დაფინანსების მოძიება მოუწევს, იმიტომ, რომ ასე ვთქვათ მანქანის შეკეთება იაფი არ არის და როცა ეს დაზღვევა გაქვს, შენ ამისგან დაცუილ ხარ", - აღნიშნავს ონოფრიშვილი.



























