მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე "საქართველოს განვითარების ფონდის" დირექტორი აღარაა - მენეჯმენტში ცვლილებაა

დავით საგანელიძე

ყოფილ  "საპარტნიორო ფონდს", რომელიც საქმიანობას „საქართველოს განვითარების ფონდის“ სახელით  აგრძელებს, ახალი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი ჰყავს. შესაბამისი ცვლილებები ბიზნეს რეესტრის ამონაწერში უკვე აისახა. 

დავით საგანელიძემ, რომელიც "საპარტნიორო ფონდს" ბოლო რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, პოსტი დატოვა. ფონდის ახალი დირექტორი ბესიკ ბუგიანიშვილი და მისი მოადგილე ვახტანგ ჯორბენაძე იქნებიან. 

რეფორმირებული ფონდის სამეთვალყურეო საბჭო უკვე დატოვეს პრემიერმა და მისმა მინისტრებმა (ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი,  ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე) და ახალი საბჭო დაკომპლექტდა, რომელსაც 4 წევრი ჰყავს. საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა დავით საგანელიძემ. საბჭოს წევრები არიან: მერაბ კაკულია, ავთანდილ სილაგაძე და ნანა ადეიშვილი.

ცოტა ხნის წინ დამტკიცდა „საქართველოს განვითარების ფონდის“  წესდებაც.  წესდებით განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ესენია:

ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;

ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებაზე ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;

გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;

დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;

ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;

ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.

დოკუმენტში წერია, რომ აქციონერის (100% სახელმწიფო) ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად.

რაც შეეხება პროექტების დაფინანსებას. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის:

ა) არანაკლებ 3 მლნ  ლარისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;

გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა.

წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვროს  საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება. თუ პროექტი ერთზე მეტ პრიორიტეტს ესადაგება, მაშინ მასზე გამოსაყოფი სახსრები გადანაწილდება იმ პრიორიტეტზე, რომელიც ძირითადია ამ კონკრეტული პროექტისთვის. სამეთვალყურეო საბჭოს შეეძლება  წლის განმავლობაში  საინვესტიციო გეგმაში ცვლილებებიც შეიტანოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები