"საქართველოს განვითარების ფონდის" (ყოფილი "საპარტნიორო ფონდის") ლიკვიდაციის პროცესი 2026 წლის 1 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა 21 სექტემბრით დათარიღებული განკარგულება, რომლითაც ფონდის დაშლის სტრატეგიის მომზადებამ და მისმა ლიკვიდაციამ 2027 წლის 1 აპრილამდე გადაიწია.
2026 წლის 28 აპრილს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა კანონი „სააქციო საზოგადოების − საქართველოს განვითარების ფონდის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე” - ამ კანონის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფონდის ლიკვიდაციის სამუშაოების გატარება დაევალა. 2026 წლის 15 მაისს კი საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს 2026 წლის 1 სექტემბრამდე ავალდებულებდა ფონდის დაშლის თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტის მომზადებას, სწორედ ამ პროცესმა გადაიწია 2027 წლის 1 აპრილამდე.
ამასთან, 2026 წლის 15 მაისის განკარგულებით, "საქართველოს განვითარების ფონდის" სამეთვალყურეო საბჭოს სრული შემადგენლობა გათავისუფლდა - დავით საგანელიძემ; ვაზილ ჰუდაკმა; მერაბ კაკულიამ; ავთანდილ სილაგაძემ და ნანა ადეიშვილმა თანამდებობები დატოვეს. მათი ადგილი საბჭოში დაიკავეს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ; ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ; ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა; ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ და მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა გურამ დუმბაძემ. ამასთან, თანამდებობა დატოვა ფონდის გენერალურმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა, ხოლო მისი მოადგილე დავით კერესელიძე ფონდის დროებით ხელმძღვანელად და მის ლიკვიდატორად დაინიშნა.
თუმცა როგორც ირკვევა ფონდის ლიკვიდაციის პროცესი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ამას მთავრობა თავდაპირველად პროგნოზირებდა, რადგანაც ფონდიდან აქტივების გამოტანის პროცესი მხოლოდ მიმდინარე წლის სექტემბერში გააქტიურდა. მთავრობის 2026 წლის 21 სექტემბრის განკარგულებით ფონდის აქტივებიდან გამოვა ექვსი მიწის ნაკვეთი 699,934 კვადრატული მეტრის საერთო ფართობით. აღნიშნული მიწის ნაკვეთების მესაკუთრედ სახელმწიფო დარეგისტრირდება. გარდა ამ უძრავი ქონებებისა, ფონდის შემადგენლობიდან უნდა გამოვიდნენ მისი შვილობილი კომპანიები - სასტუმრო "ბორჯომი ლიკანი ინთერნეიშენალი"; შპს "რუხის სავაჭრო ცენტრი"; შპს "საპარტნიორო ფონდი-მწვანე განვითარება"; შპს "სტარტაპ საქართველო"; შპს "ლიკანის რეზიდენცია"; და შპს "ქართული ნატურალური პროდუქტები". აღნიშნული კომპანიები ამ დრომდე 100%-ით "საქართველოს განვითარების ფონდის" საკუთრებაშია. გარდა იმ კომპანიებისა, რომლებშიც ფონდი 100%-ის წილს ფლობს, ასევე არსებობს არაერთი კომპანია, სადაც ფონდი არაკონტროლო წილებს ფლობს, მათ შორისაა თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა "ციკლონი"; ასევე რაჭული ლორის მწარმოებელი კომპანია კსჰ კავკასიან სუს ჰერითიჯი და სხვა კომპანიები.
გარდა ამისა, "საქართველოს განვითარების ფონდი" რეგისტრირებულია როგორც კრედიტორი სხვადასხვა ბიზნეს პროექტებში და ფონდის ლიკვიდაციამდე აუცილებელია, რათა თითოეულ აღნიშნულ პროექტში განახლდეს სასესხო შეთანხმებები და ფონდის ნაცვლად კრედიტორად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო დარეგისტრირდეს.
























