მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძის განცხადებით, Elbit-ი ფონდისგან ვალდებულებას დროზე ადრე გამოისყიდის

5e567994265e0
შოთა ტყეშელაშვილი
26.02.20 17:52
1127
საქართველოში კომპოზიტური საავიაციო ნაწილების მწარმოებელი პირველი ქარხანა 2018 წლის მაისში გაიხსნა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ არსებულმა ქარხანამ 2019 წლის დასაწყისში Boeing-ის სერტიფიცირება გაიარა, სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ კი, პროდუქციის რეალიზაცია დაიწყო. 

სახელმწიფოს კუთვნილი “საპარტნიორო ფონდის” და ებრაული ტექნოლოგიური კომპანია Elbit-ის თანადაფინანსებით, აშენებული საწარმოს კაპიტალი $93 მილიონს შეადგენს. 

დღეს "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ Elbit-ი ქარხანაში ფონდის მიმართ ვალდებულების დროზე ადრე გამოსყიდვას გეგმავს. საგანელიძის თქმით, ფონდი სხვა საინვესტიციო პროექტებიდან გამოსვლას და მათ პრივატიზებასაც გეგმავს. 

"უახლოეს ორ კვირაში ალბათ ბორჯომი-ლიკანის სასტუმრო გამოვა გასაყიდად მთლიანად და შესაბამისად, ესეც ერთი ნაბიჯი იქნება. ასევე კომპანია „პანექსი“, საიდანაც ნაწილობრივ გამოვედით და ალბათ სრულად გამოვალთ. მიდის საუბარი, რომ, დროზე ადრე თავისი ვალდებულება გამოიყიდოს ისრაელის კომპანია Elbit-მა და ა.შ,"- განაცხადა დავით საგანელიძემ.

პროექტის მიხედვით, საავიაციო ნაწილების ქარხანა გახსნიდან მეხუთე წელს საწარმო 300 ადამიანს უნდა ასაქმებდეს და მისი წლიური წარმოება $60 მილიონს უნდა შეადგენდეს. "საპარტნიორო ფონდის" ინფორმაციით, ყოველთვიური წარმოება დაახლოებით 3,000 დეტალს შეადგენს, რომელიც სამოქალაქო ავიაციისთვის არის განკუთვნილი. 

საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში სს “აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)” პროდუქციას არ ამზადებდა, რის გამოც მისი შემოსავალი ნულის ტოლი იყო. ამავე წელს ქარხნის საოპერაციო და ადმინსტრაციული ხარჯები 35.9 მილიონი ლარი, ამორტიზაციის ხარჯები კი 4 მილიონი ლარი იყო. ჯამში იმის გამო, რომ ქარხანა პროდუქციის რეალიზებას არ ახდენდა მისმა ზარალმა 2018 წელს 40.3 მილიონი ლარი შეადგინა. 

2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება 151.4 მილიონ ლარს შეადგენს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები