აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო ირანულ ავიაკომპანიებთან ნებისმიერი სახის ბიზნესურთიერთობა აკრძალულია, რაც საქართველოზეც ვრცელდება. ავიაციის ექსპერტი იასე ზაუტაშვილი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ სავარაუდოდ დღეიდან საქართველო-ირანს შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილია.
საქმე ისაა, რომ აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში ის 5 ირანული ავიაკომპანიაც მოხვდა, რომლებიც ფრენებს საქართველოში ასრულებდნენ. როგორც ზაუტაშვილი აცხადებს, საჰაერო გზით ირანთან სატვირთო გადაზიდვები არ ხორციელდებოდა, შესაბამისად, ამ კუთხით ეკონომიკური უკუეფექტი არ იქნება, თუმცა შეზღუდვა უარყოფითად იმოქმედებს ირანელი ტურისტების და მგზავრების შემოდინებაზე. მათ საქართველოში მოსახვედრად ახლა უკვე ალტერნატიული (სახმელეთო ან ტრანზიტული) მარშრუტების მოძიება მოუწევთ.
“თეირანი-თბილისი, თეირანი-ბათუმის მიმართულებაზე ოპერირებდა მხოლოდ და მხოლოდ ირანული წარმოშობის ავიაკომპანიები. რასაკვირველია, მათ გადაჰყავდათ ძირითადად ირანის მოქალაქეები, ტურისტების სახით, საქმიანი მოგზაურების სახით. ძირითადად, რასაკვირველია, მგზავრთა შემოდინება შეეხებოდა იმ სეგმენტს, რომელიც წარმოადგენს საქართველოში შემომავალ ტურისტებს.
ათასობით ტურისტი შემოვიდა საჰაერო გზით საქართველოში და სამწუხაროდ, ახლა ვერ შემოვა. შესაბამისად ის თანხები, რაც იხარჯებოდა საქართველოში, მოიკლებს. ცალსახად ძალიან ცუდია ეკონომიკისთვის,
თუმცაღა, გაცილებით ბევრად უფრო დამაზიანებელი იქნებოდა ის, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლით ისევ არ შეგვეზღუდა მიმოსვლა. მაშინ გაცილებით მეტად უარყოფითი ეფექტი ექნებოდა საქართველოს ეკონომიკაზეც ამ შეზღუდვის იგნორირებას.
არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ შეზღუდვის აღდგენა მოხდება უახლოეს მომავალში, გამომდინარე იმ დაძაბული სიტუაციიდან, რომელიც არსებობს ახლო აღმოსავლეთში. შესაბამისად, მგზავრებს, ტურისტებს ახლა მოუწევთ ალტერნატიული გზების მოძიება საქართველოში მოსახვედრად.
ტვირთების მიმოსვლა ირანსა და საქართველოს შორის საჰაერო გზით არ არსებობდა, ამიტომ ამ შემთხვევაში არანაირ უკუეფექტს ეკონომიკურს ეს არ გამოიწვევს”,-აცხადებს იასე ზაუტაშვილი.
წელს 6 თვეში საქართველომ ირანელი ვიზიტორებისგან 19.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2025 წელთან შედარებით 65%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლების მიზეზი ირანის ომი იყო, რის გამოც საქართველოს ტურიზმის შემოსავლები არამხოლოდ ირანიდან, არამედ ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდანაც შეუმცირდა. თუმცა 2025 წლის განმავლობაში ირანიდან ტურიზმიდან შემოსავალი მაღალ ნიშნულზე იყო და ჯამში შარშან ამ ქვეყნიდან საქართველოში 124 მლნ დოლარზე მეტი შემოვიდა.
რაც შეეხება ვიზიტორებს, 2026 წლის პირველ ნახევარში ირანელი ტურისტების რიცხვი 49%-ით შემცირდა. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ირანიდან საქართველოში 29 397 ვიზიტი შედგა. ამ მაჩვენებლით ირანი ვიზიტორების რაოდენობით მე-13 ადგილს იკავებს.
























