გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი, დავით სონღულაშვილი ელის, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტმა 500 მლნ დოლარი უნდა შეადგინოს. მან ამის შესახებ პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
სონღულაშვილმა ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და ექსპორტის განვითარებაზე ისაუბრა.
„ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით განხორციელდება მარკეტინგული აქტივობები და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული პროგრამები. აღნიშნული სამუშაოების გაწევის შემდეგ, მოლოდინი გვაქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტმა 500 მლნ დოლარი უნდა შეადგინოს, აგრობიზნესის გამოშვებამ 24 მლრდ ლარს, ხოლო აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა - 2,3 მლრდ დოლარს უნდა მიაღწიოს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ უკანასკნელ წლებში, 70%-ით გაიზარდა ვენახების ფართობი, აგრეთვე, გაზრდილია ყურძნის გადამუშავება 52 000 ტონიდან 300 000 ტონამდე, ხოლო ღვინის ექსპორტი 65 მლნ დოლარიდან 259 მლნ დოლარამდე, აღნიშნულის შედეგად კი, მევენახეების შემოსავალი გახუთმაგდა, 70 მილიონიდან 350 მილიონამდე.
ცნობისთვის, წელს ღვინის ექსპორტი 9%-ით გაიზარდა და შედეგად, 2024 წლის ათ თვეში ჯამში 237 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე. გაყიდული ღვინის 68% რუსეთზე მოდის.