ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, რუსეთში ღვინის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორები ევროკავშირის ქვეყნები არიან. 2023 წელს რუსეთში 211 მლნ დოლარის ღვინო შევიდა ლიეტუვადან, თითქმის 172 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა იტალია. ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს ხუთეულში საქართველოსთან ერთად ასევე არიან ევროკავშირის წევრები ლატვია და პოლონეთი, 154 მლნ და 41 მლნ დოლარით.
"აბა შეხედეთ ღვინის სექტორს, დღესვე რომ გავწევრიანდეთ [ევროკავშირში] ჩათვალეთ, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა", - ეს "რუსთავი 2"-ის ეთერში გუშინ, 27 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა.
რატომ ჩამოინგრევა ღვინის სექტორი ევროკავშირში შესვლით პაპუაშვილს აღარ დაუკონკრეტებია, თუმცა წლებია სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ღვინის ექსპორტი ევროკავშირში უნდა გაიზარდოს და ამ მიმართულებით მარკეტინგულ ღონისძიებები ბიუჯეტიდან ფინანსდება კიდეც.
“ჩემი აზრით, ეს განცხადება არც დაგეგმილი და არც გააზრებული იყო. უბრალოდ მე მგონია მან გაიმეორა იმ არც ისე წარმატებული მეღვინეების აზრი, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ რუსეთში გაყიდონ ღვინო. იმიტომ, რომ არც ისე ხარისხიან ღვინოს ამზადებენ. დარგშიც არის ხალხი, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზარზეა შესაძლებელი ქართული ღვინის გაყიდვა. სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია აქვს რამდენიმე მოფალციფიკატორო და არც ისე ხარისხიანი ღვინის მწარმოებლისგან. დღესვე რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში უფრო წაადგება დარგს წარმოების და კონტროლის მხრივაც. ზოგადად ძალიან გვიფუჭდება იმიჯი მას შემდეგ, რაც პრორუსულ განცხადებებს კანონებს [ვიღებთ]. იმიტომ, რომ ქართული ღვინო შეიძლება მალე ასოცირდეს საბჭოურ ღვინოსთან, რაც ნამდვილად ცუდი იმიჯია", - ეუბნება BMG-ის ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.
2024 წლის ათ თვეში ჯამში 237 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა ექსპორტზე. გაყიდული ღვინის 68% რუსეთზე მოდის, სადაც წლევანდელი წლის 10 თვეში 161 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გაიყიდა. 2013 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ის ამ პროდუქტის მთავარი მომხმარებელი გახდა. ბოლო წლებში, მათ შორის უკრაინის ბაზრის თითქმის დაკარგვის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა და 61-65%-ს შორის მერყეობდა.