მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავით სონღულაშვილმა კაკლისა და ნუშის მწარმოებლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა წარუდგინა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო
27.04.26 10:38
265

დავით სონღულაშვილმა კაკლისა და ნუშის მწარმოებლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა წარუდგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ სექტორის მხარდაჭერა და კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს.

უწყების ცნობით, მინისტრი დავით სონღულაშვილი კაკლისა და ნუშის მწარმოებელ ფერმერებსა და ექსპორტიორებს შეხვდა, სადაც დარგში არსებული გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

აღინიშნა, რომ კაკლისა და ნუშის წარმოება ქვეყნისთვის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი და მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება როგორც შიდა ბაზრის უზრუნველყოფის, ისე ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით.

„კაკლისა და ნუშის წარმოება ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი მიმართულებაა. ჩვენი ქვეყნისთვის ამ დარგს მნიშვნელოვანი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია. სწორედ ამიტომ შეიქმნა შესაბამისი საბჭო, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება სექტორის წარმომადგენლებთან აქტიური კომუნიკაცია, არსებული გამოწვევების განხილვა და ისეთი მექანიზმების განსაზღვრა, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას და ახალი საექსპორტო პროდუქტის ჩამოყალიბებას“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დარგობრივი საბჭოს მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სიახლეების გაზიარება და ფერმერებისთვის ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება იქნება.

საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ - უშუალოდ მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება. აღნიშნული ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების დაგეგმვას.

შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი, ასევე სამინისტროს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები