მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით უტიაშვილი: ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები

დავით უტიაშვილი
16.02.24 13:05
912
სტატიაში საუბარია:

ჩვენ დავაკვირდით დინამიკას და დავინახეთ რომ რუსეთიდან მიგრაციას ნეგატიური ტენდენცია აქვს, გზავნილები მნიშვნელოვნად 75%-ით არის შემცირებული. ასევე, რუსეთის ანაბრების წილის ზრდა საბანკო სექტორის მთლიან ანაბრებში არ ხდება. შესაბამისად, ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა მიიჩნია, რომ მსგავსი ტიპის ანაბრებზე შეიძლება იგივე მიდგომა გვქონდეს რაც სხვა არარეზიდენტებზე, - განაცხადა ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსმა დავით უტიაშვილმა, სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილების შეფასებისას.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა არარეზიდენტების უცხოური ვალუტის დეპოზიტებზე ლიკვიდობის მოთხოვნის რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის რეზიდენტების უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტებისათვის ლიკვიდობის მოთხოვნა სხვა არარეზიდენტი დეპოზიტების ლიკვიდობის მოთხოვნას 40%-ს გაუთანაბრდა. დავით უტიაშვილის თქმით, 40%-იანი გადინების განაკვეთი საკმაოდ კონსერვატიული მიდგომაა. მისივე განმარტებით, მოზიდული 100 ლარიდან ბანკმა 40 ლარი ლიკვიდურ აქტივში უნდა შეინარჩუნოს და დარჩენილი 60 ლარი შეუძლია სხვა აქტივებზე მიმართოს.

„ჩვენ მეტ მოქნილობას ვაძლევთ ბანკებს და მსგავსი გადაწყვეტილებები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დღეისთვის ვხედავთ გლობალურად გამკაცრებულ ფინანსურ პირობებს, რომელიც გადმოეცემა ჩვენ ბაზარს. დღეისთვის დამატებითი მკაცრი მოთხოვნების წინაპირობები არ გვიდგას და ჩვენი მოლოდინია, რომ ასეთი ინსტრუმენტებით ხელს შევუწყობთ ბანკებს უფრო ეფექტიანად მართონ თავიანთი აქტივები“, - აღნიშნა უტიაშვილმა.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, ეროვნული ბანკი სიტუაციურად მოქმედებს და აგრძელებს მიმდინარე ტენდენციებზე დაკვირვებას. მისი თქმით, წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი ამ ინსტრუმენტს კვლავ აამოქმედებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს“, აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2024 წლის 29 მაისს გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები