"[ლევან დავითაშვილი] ყველაზე ნორმალური ფიგურა იყო „ოცნების“ ხელისუფლებაში... მეეჭვება, აშშ-ში [ირაკლი კობახიძე] საერთოდ ვინმეს შეეშვა" - ასე აფასებს ვალერი ჩეჩელაშვილი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ქართული ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის ვიზიტს აშშ-ში.
როგორც ცნობილია, ეკონომიკის მინისტრმა აშშ-ში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეხვედრის გარდა, შეხვედრები გამართა თეთრ სახლში, სადაც აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორს ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში ენდრიუ პიკს შეხვდა, ხოლო სახელმწიფო დეპარტამენტში - სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს ჯოშუა ჰაკს.
დიპლომატი აფასებს ლევან დავითაშვილის გულწრფელ აღიარებას იმის თაობაზე, რომ შტატებში მისი შეხვედრები გაიმართა არა - კლასიკური გაგებით ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, არამედ საერთაშორისო სავალუტო ფონდის საგაზაფხულო შეხვედრების ეგიდით, სადაც ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის ფინანსური და ეკონომიკური გუნდი მონაწილეობს.
„თავისთავად კარგია, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, აშშ-თან კომუნიკაციის არხები ააწყოს. ამისთვის ალბათ ბატონი ლევანი იყო ყველაზე ნორმალური ფიგურა „ოცნების“ ხელისუფლებიდან, რადგან მეეჭვება, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე საერთოდ ვინმეს შეეშვა აშშ-ში.
ამდენად, [ლევან დავითაშვილის] მცდელობა კარგია... ეს იმას ნიშნავს, რომ „ოცნებას“ რეალურად აწუხებს ის ვითარება, რაშიც აღმოჩნდა და ის პოლიტიკური კრიზისი, რაშიც ქვეყანა შეიყვანეს.
შეხვედრები, რაც აშშ-ში ბატონ ლევანს ჰქონდა, დიპლომატიაში არის კლასიკური ხასიათის დიაგონალური ფორმატის შეხვედრები. რას ნიშნავს ეს - ბატონი ლევანი ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, არის მეორე პირი პრემიერ-მინისტრის შემდეგ, ხოლო ის პირები, ვინც მას აშშ-ის მხრიდან შესთავაზეს, გაცილებით ნაკლები პოლიტიკური წონის მატარებელი ფიგურები არიან. ზუსტად ამიტომაც ვერ მოვისმინეთ ვერანაირი პოლიტიკური შეფასებები აშშ-დან. დარწმუნებული ვარ, იმ ხალხმა ლევან დავითაშვილს გადასცა ის გზავნილები, რაც ელჩმა რობინ დანიგანმა მაკა ბოჭორიშვილს, რომ ანუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რათა რაჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის სერიოზული დამოკიდებულება...
შესაბამისად, ლევანი დავითაშვილის [თეთრ სახლსა] და [სახდეპში] გამართული შეხვედრებიდან არანაირი პოლიტიკური ძვრები არ ამოიძერწებოდა“, - განაცხადა ვალერი ჩეჩელაშვილმა.
დიპლომატის აზრით, ერთადერთი თემა, რომლის გადაწყვეტაც შტატებში ჩასულ „ოცნების“ პირველ ვიცე-პრემიერს შეეძლო, ე.წ. სატარიფო ომის ფარგლებში საქართველოსთვის დაწესებული 10%-იანი ტარიფების გადახედვაა, რომელიც ვალერი ჩეჩელაშვილის შეფასებით, ბევრი ფაქტორის გამო, მათ შორის იმიტომაც, რომ აშშ-ს საქართველოსთან დადებითი სავაჭრო სალდო აქვს.
ინფორმაციისთვის: ლევან დავითაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილეს სილვია სავიჩს შეხვდა.
„წერტილთან“ ინტერვიუში, ლევან დავითაშვილის აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა ყურადღება მიაქცია „ოცნების“ პირველი ვიცე-პრემიერის იმ განცხადებას, სადაც დაკონკრეტებული არ იყო, შემდეგი ვიზიტი როდის დაიგეგმება აშშ-ში. სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში კი ეწერა, რომ „მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნესის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს. ასევე წლის მეორე ნახევარში, სექტემბერში უკვე ამერიკელების სავაჭრო მისია დაიგეგმება საქართველოში, სადაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად იქნება ჩართული“.
„თუ „ოცნება“ არ აპირებს, იქამდე რამე გააკეთოს, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალას მოიკრეფს ორპარტიული, ძალიან მყარი პოზიცია, რომელიც გამოიხატება „მეგობარი აქტის“ მხარდაჭერაში და თუ ის კონგრესმა 1 ან 2 თვის განმავლობაში მიიღო, ეს იქნება ძალიან სერიოზული დარტყმა „ქართული ოცნებისთვის“, რადგან მეგობარი აქტი არის კონკრეტული ქმედებების კრებული „ოცნებისთვის“, რათა ჩამოაყალიბონ შესაბამისი სასანქციო პოლიტიკა. ამდენად, ვფიქრობ, ლოდინის ფუფუნება „ქართულ ოცნებას“ არ აქვს“, - აცხადებს დიპლომატი.
აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის რა შანსი აქვს ბიძინა ივანიშვილის „ქართულ ოცნებას? - ვკითხეთ ვალერი ჩეჩელაშვილს, რაზედაც გამოცდილმა დიპლომატმა განაცხადა, რომ „ოცნება“ ქმედებებზე უნდა გადავიდეს, რაც ნიშნავს ანტიდემოკრატიული კანონების გაუქმებას, სინდისის პატიმრების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას.




























