მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ოცნებას" აშშ-სთან ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმება სურს - რა განიხილა აშშ-ში შეხვედრებზე დავითაშვილმა?

დავითაშვილი

"ქართული ოცნების" მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი გლობალური ბაზრების მიმართულებით აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დააყენა ინიციატივა ორ ქვეყანას შორის ახალი ჩარჩო-მემორანდუმის გაფორმებაზე. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მასში აისახება ის ინიციატივები, რომლებიც ქართულმა მხარემ ამერიკელ პარტნიორებს შესთავაზა და კერძო სექტორთან ერთად დაკონკრეტდება და განხორციელდება.

“მიმდინარე წელს ამერიკაში ქართული ბიზნესის ვიზიტი იგეგმება, რომელიც შეაფასებს ამერიკაში საინვესტიციო შესაძლებლობებს. ამერიკის კომერციის დეპარტამენტი ამ პროცესში აქტიურად იქნება ჩართული და ქართულ კომპანიებს უმასპინძლებს. ასევე წლის მეორე ნახევარში, სექტემბერში უკვე ამერიკელების სავაჭრო მისია დაიგეგმება საქართველოში, სადაც ჩვენი სამინისტრო ასევე აქტიურად იქნება ჩართული,” - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობის ახალ პოზიტიურ დღის წესრიგსა და ინიციატივებზე. განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ჭრილში.

“შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ინიციატივებზე, რომლებიც, ვფიქრობ, საინტერესოა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის - ეს ეხება ვაჭრობის კიდევ უფრო წახალისებას. საქართველო არ არის მხოლოდ მცირე სამომხმარებლო ბაზარი და სავაჭრო პარტნიორი ამერიკისთვის, სადაც ამერიკული პროდუქცია იყიდება, არამედ საქართველო და ამერიკა შეიძლება თანამშრომლობდნენ უფრო ფართო მასშტაბით - საქართველო არის მნიშვნელოვანი სავაჭრო ჰაბი და ამერიკული პროდუქცია, რეექსპორტის სახით, ნაწილდება შუა აზიის ქვეყნებში, სამხრეთ კავკასიასა და მთლიანად რეგიონში. აქედან გამომდინარე, საქართველო შეიძლება იყოს ამერიკის ძალიან საინტერესო სავაჭრო პარტნიორი. ასევე, რა თქმა უნდა, ამერიკა არის ძალიან დიდი სამომხმარებლო ბაზარი და ჩვენი ექსპორტისთვის ამერიკა არის ძალიან საინტერესო,” - განაცხადა დავითაშვილმა.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ენერგეტიკა. ასევე ყურადღება გამახვილდა ახალ ინიციატივებზე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში და სტარტაპებზე. “ვფიქრობ, ეს არის მიმართულებები, რომლებზეც ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ კონკრეტული სამოქმედო გეგმები,” - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

ამასთან, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა გამართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია.

„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“,- აღნიშნა დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, ასევე ძალიან საინტერესო შეხვედრები შედგა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში.

„სამივე უწყებასთან გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა, რომლებიც ეხებოდა თანამშრომლობის პერსპექტივებს, ძირითადად, მომავალ გეგმას, რომელიც უნდა განვახორციელოთ ერთობლივად, ინტენსიური ჩართულობით. თანამშრომლობის ბევრი საკითხი დავფარეთ, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია. საუბარი შეეხო სანქციების აღსრულების კუთხით არსებულ თანამშრომლობასაც, აგრეთვე განვიხილეთ მომავალი გეგმები, რომლებიც, ვფიქრობთ, სასარგებლო იქნება ორივე ქვეყნისთვის“,- თქვა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები