„დავოსის ეკონომიკურ ფორუმში არმონაწილეობით ქვეყანა ძალიან ბევრს კარგავს“ - ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ის, რომ ასეთ მაღალი დონის შეხვედრაზე საქართველო არ მიიწვიეს გარკვეული სიგნალია როგორც კერძო სექტორისთვის, ისე განვითარების საერთაშორისო ბანკებისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედოს. „როცა იქ არ ხარ, საერთოდ იკარგები ხედვის არეალიდან“- აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.
„ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა [როცა არ გიწვევენ] გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფორუმი არის ეკონომიკური და რახან პოლიტიკა ასე ჩაერთო, რომ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველო არ დაეპატიჟებინათ, სადაც 350-ზე მეტი ქვეყანა არის წარმოდგენილი, მათ შორის 60 ქვეყნის ლიდერი, რა თქმა უნდა ძალიან სამწუხაროა და ძალიან შემაშფოთებელია.
ეს სიგნალს აძლევს ასევე კერძო სექტორს, სიგნალს აძლევს განვითარების ბანკებს, რომლებიც აბსოლუტურად ყველა იქ არის. ყოველწლიურად ხდებოდა განვითარების ბანკებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის დაფიქსირება და შეთანხმებები სამომავლო თანამშრომლობაზე და დასტური. მათთვისაც ეს შემაშფოთებელია და ალბათ მოხდება ურთიერთობების გადახედვა.
თანამშრომლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან და განვითარების ბანკებთან მნიშვნელოვანია თუნდაც საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით. მათგან ვიღებთ მნიშვნელოვან რესურსს ჩვენი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განვავითაროთ, ასევე განვითარების ბანკები ბიზნესის მთავარი პარტნიორია, რომ მიიღონ დამატებითი რესურსები მათი პროექტებისთვის.
მეორე მიმართულებაა კერძო კომპანიები. იქ წარმოდგენილი არიან შთამბეჭდავი, მსხვილი, კარგი კომპანიები, რომლებიც მართლა სანატრელია, რომ საქართველოში განახორციელონ ინვესტიციები, საქართველო მათ გაიგონ და როცა არ ხარ, საერთოდ უკვე იკარგები ხედვის არეალიდან.
მე მივიღე გადაწყვეტილება არ წავსულიყავი ამ წელს [დავოსში], რადგან რატომ უნდა ჩამოხვიდე საქართველოში, რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო, რატომ არის კარგი საინვესტიციოდ და ა.შ მე ამაზე სამწუხაროდ, დღეს ხმამაღლა ვეღარ ვსაუბრობ და ვერც დამაჯერებლად ვერ ვსაუბრობ, რადგან მე თვითონ არ ვიცი, რა ბედი გველის და რა იქნება შემდეგი თვეების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს რა ბედი ელის. მე არ ვარ დარწმუნებული და სხვა როგორ დავარწმუნო ხომ? აქედან გამომდინარე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძალიან მწყდება გული, ჩემი ვიზიტი მხოლოდ სურათების გადაღებით იქნებოდა შემოფარგლული, ამიტომ გადავწყვიტე არ მივიღო მონაწილეობა“,-აცხადებს ქეთი ბოჭორიშვილი.
დავოსში ყოველწლიური კონფერენცია 20 იანვარს გაიხსნა. იქ იმყოფება 350-ზე მეტი სამთავრობო ლიდერი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ შორის სამიტს ჩაერთვება ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც. იქვეა 1600-ზე მეტი ბიზნესმენი, მათ შორის 900-ზე მეტი CEO ანუ კომპანიების პირველი პირები, მსოფლიოს წამყვანი გამომგონებლები და ინდუსტრიის ლიდერები. ჩვენ იქ არ ვართ წარმოდგენილი და ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ოცწლეულში, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის. ის რომ „ოცნებას“ მოსაწვევი არ მოუღია დაადასტურა მთავრობის ადმინისტრაციამ, პირველი ვიცე-პრემიერი კი ამბობს, რომ დავოსის ეკონომიკური ფორუმი საქართველოს დელეგაციისთვის წელს პრიორიტეტული არ იყო.




























