მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავოსის ეკონომიკური ფორუმის გამო, ციურიხში კერძო თვითმფრინავების ტრაფიკი 170%-ით გაიზარდა

ჯეტი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) დაწყებასთან ერთად, მსოფლიოს ლიდერები, CEO-ები და ბიზნესმენები თავს შვეიცარიაში იყრიან. სამიტის დაწყებამდე, WEF-მა მონაწილეებს მოუწოდა, წელს ტრანსპორტის უფრო მდგრადი ალტერნატიული საშუალებებით ესარგებლათ. ფორუმის ფარგლებში დაინიშნა უფასო მატარებელიც, რომელსაც მონაწილეები კონფერენციამდე ფეხით მისვლაში უნდა წაეხალისებინათ.

მიუხედავად ფორუმის მცდელობებისა, FlightRadar24-ის მონაცემებზე დაყრდნობით, დავოსის მახლობლად აეროპორტებში კერძო თვითმფრინავების აქტივობა გასული დღეების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ციურიხის აეროპორტში, რომელიც დავოსიდან ყველაზე ახლოსაა, 20 იანვარს 54 კერძო თვითმფრინავი დაჯდა, რაც გასული კვირების საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 170%-ით მეტია. ციურიხის აეროპორტი სამიტის მიმდინარეობისას ჯამში 1000-მდე რეისის მიღებას ელოდება. ამ რაოდენობაშია გათვალისწინებული ბიზნესჯეტები, სახელმწიფო თვითმფრინავები და ვერტმფრენებიც.

ციურიხში დაფრენილი კერძო თვითმფრინავების დიდი ნაწილი გრძელმარშრუტიან რეისს ასრულებდა. მათი ნაწილი შვეიცარიაში აშშ-დან ან ჩინეთიდან ჩაფრინდა. ფრენების ნაწილი კი ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან შესრულდა, მანძილმა 500 კმ-ზე ნაკლები შეადგინა.

კლიმატაქტივისტთა ევროპული ორგანიზაცია Greenpace-ის აქტივისტებმა ორშაბათს საპროტესტო აქცია გამართეს და დავოსის მცირე აეროპორტზე წვდომა შეზღუდეს. აქტივისტების მოთხოვნა საგადასახადო რეფორმებია, რომლებიც მსოფლიოს “სუპერმდიდარ” მოსახლეობას შეეხება. არასამთავრობო ორგანიზაცია Travel Smart Campaign-ის ხელმძღვანელი Euronews-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დღის წესრიგში სასწრაფოდ უნდა დადგეს კერძო თვითმფრინავებისა და მდგრადი ტრანსპორტის საკითხი. დენის ოკლერი აცხადებს, რომ რადგან სამიტის სტუმრებმა ტრანსპორტირების ალტერნატიული საშუალებებით არ ისარგებლეს, ფორუმის ორგანიზატორებმა ეს ინიციატივა უფრო მკაფიოდ უნდა დააყენონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები