შვეიცარიის მთავრობა კომპანიების ბენეფიციარი მესაკუთრეების ცენტრალური რეესტრის გამოქვეყნებას 1 ოქტომბრიდან სრულფასოვნად დაიწყებს.
როგორც ირკვევა, ახალი სისტემის ადმინისტრირებას იუსტიციის ფედერალური სამსახური უზრუნველყოფს. რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება კომპანიების იმ საბოლოო ბენეფიციარ ფიზიკურ პირებზე გავრცელდება, რომლებიც წილის ან ხმის უფლების სულ მცირე 25%-ს ფლობენ.
აღსანიშნავია, რომ მონაცემთა ბაზა საჯარო არ იქნება და მასზე წვდომა მხოლოდ უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოებსა და შესაბამისი შემოწმების გავლის შემდეგ, ფინანსურ ორგანოებს მიეცემათ.
მთავრობის განცხადებით, ახალი პლატფორმა იურიდიული პირების გამჭვირვალობის შესახებ კანონის ნაწილია, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს მიზნად.
თავად აღნიშნული ცვლილება ევროკავშირის ზეწოლით იქნა მიღებული, რასაც წინ უძღოდა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყება და რუსი ოლიგარქებისა თუ მათი კომპანიების შვეიცარიაში მიგრაცია, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლებას გამჭვირვალობის მკაცრი სტანდარტების დაწესება აიძულა.
























