ევროკავშირი საქართველოს შეახსენებს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას და მოუწოდებს, გააუქმოს ან არსებითად გადახედოს ბოლო პერიოდში მიღებულ კანონმდებლობას, რომელიც ძირს უთხრის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს. ამის შესახებ გაეროში ევროკავშირის ელჩმა და დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, მიშელ ჩერვონე დ’ურსომ ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურად მოტივირებული გამოყენებისა და რეპრესიული ზომების მიღების გამო, რომლებიც მიმართულია ოპოზიციური ფიგურების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ.
"ევროკავშირი მკაცრად გმობს თვითნებურ დაკავებებსა და მზარდ რეპრესიებს, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, დამოუკიდებელი ჟურნალისტების, მედიის წარმომადგენლებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტორების დაპატიმრებას.
ევროკავშირი ხაზს უსვამს საქართველოს მიერ ამ საკითხების მოგვარების, საკუთარი პოლიტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის აუცილებლობას, რათა აღდგეს ნდობა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ",- განაცხადა მან.




























