საქართველოში ჩატარებული ფართომასშტაბიანი საერთაშორისო სპეცოპერაციის შედეგად, აჭარაში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლების ერთობლივ სპეციალურ ბრიფინგზე.
უწყების ინფორმაციით, ფართომასშტაბიანი ღონისძიება საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის საოლქო პროკურატურის, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩაატარეს.
სპეციალურ ღონისძიებაში, რომელიც ევროჯასტის და ევროპოლის მხარდაჭერით საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მომზადდა, ამერიკის შეერთებული შტატების, პოლონეთის რესპუბლიკის და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების 100-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა. საგამოძიებო მოქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე ათეულობით ლოკაციაზე ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში განხორციელდა ფიზიკური პირების, მათი საცხოვრებელი სახლების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. შედეგად ამოღებულია გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ელექტრონული მტკიცებულებები და დოკუმენტაცია.
ამავდროულად, ყადაღა დაედო:
- 173 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლებიც სავარაუდოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით იყო შეძენილი;
- ძვირადღირებულ უძრავ ქონებებს;
- საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში დეტალურად არის განმარტებული დანაშაულებრივი სქემა და ჯგუფის საქმიანობა.
„აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე სხვადასხვა ქვეყანაში მიმდინარე გამოძიებებით დადგენილია, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი - ფსევდონიმით „AudiA6“, რომელიც 2022 წლიდან ფუნქციონირებდა, ინტერნეტსივრცეში კიბერდამნაშავეების და სხვა კრიმინალებისთვის უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული კრიპტოვალუტის გათეთრებას - დანაშაულის კვალის სამართალდამცავებისგან დაფარვას, რაშიც იღებდნენ სოლიდურ სარგებელს. 2022-2025 წლებში, უკანონო საქმიანობის ფარგლებში, „AudiA6“-ის წევრების მიერ გათეთრებულია რამდენიმე ასეული მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა.
გარდა აღნიშნულისა, დანაშაულებრივი ჯგუფი ასევე, მართავდა კიბერკრიმინალურ ფორუმს დასახელებით „Dark2Web“, რომელიც გამოიყენებოდა უკანონო სერვისების რეკლამირებისა და მსოფლიოს მასშტაბით კიბერკრიმინალების ერთმანეთთან დასაკავშირებლად.“
საქართველოს პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა უწყებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ.
„საქართველოს პროკურატურა მადლობას უხდის მაღალპროფესიონალურად და წარმატებით ჩატარებული ღონისძიებისთვის საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს. ასევე აღნიშნული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში გაწეული დახმარებისთვის ევროჯასტის და ევროპოლის წარმომადგენლებს.
საქართველოს პროკურატურა, ადასტურებს საკუთარ პატივისცემას ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის, პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროსა და ლოძის პროკურატურის წარმომადგენლების მიმართ და კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას ტრანსნაციონალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტიანი თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.




























