ტურისტებს საქართველოში შემოსასვლელად ჯანმრთელობის დაზღვევის აღება მოუწევთ - შესაბამისი წესი სავალდებულო ხდება. ამ მექანიზმის ამოქმედება ტურიზმის შესახებ კანონში არსებული ჩანაწერის საფუძველზე უნდა ამოქმედდეს. ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საკითხზე უწყებათაშორისი კომისია მუშაობს და მთავრობის შესაბამისი დადგენილება 1-ელ ივნისამდე დამტკიცდება.
სავალდებულო დაზღვევის მექანიზმის აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები. საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი ამბობს, რომ იმ ტურისტების ხარჯის ანაზღაურება, რომლებსაც დაზღვევა არ აქვთ სახელმწიფოს არ უნდა უხდებოდეს. მისი შეფასებით, პროცესს ბევრად გაამარტივებდა თუ დაზღვევის შეძენის შესაძლებლობა საზღვარზე ხელმისაწვდომი იქნება.
“ვფიქრობ, რომ ვალდებულება უნდა იყოს, დავუშვათ რაღაც მოხდა, გზა ჩაიკეტა, ნაპრალში ჩავარდა ტურისტი და არ აქვს დაზღვევა ამ დროს რა ხდება? სახელმწიფო იღებს ვალდებულება მაშველები გაგზავნოს, ვერტმფრენი გაგზავნოს ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. კითხვა ხომ ჩნდება საიდან ჩნდება ეს ფული? ვიღაც უცხოელი ტურისტი შემოდის ქვეყანაში, არ აქვს დაზღვევა და მასზე იხარჯება ბიუჯეტიდან ათასობით ლარი.
შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა ტურისტმა არ იცის რომ ქვეყანაში სავალდებულოა დაზღვევა, ასეთი შემთხვევებისთვის იქვე ადგილზე სწრაფად უნდა შეძლოს დაზღვევის შეძენა,”- ამბობს საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.