მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DCFTA-ის შედეგები რიცხვებში - საქართველო ევროკავშირის სავაჭრო რუკაზე

ვაჭრობა

,,ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული”- ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ევროკავშირი საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ორმხრივი ვაჭრობა წლების განმავლობაში იზრდებოდა. ამ ურთიერთობის სამართლებრივი საფუძველი ასოცირების შესახებ შეთანხმებაა (AA). ევროკავშირმა და საქართველომ მას 2014 წლის 27 ივნისს მოაწერეს ხელი. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე (DCFTA). მისი დროებითი ნორმა 2014 წლიდან, ხოლო 2016 წლიდან სრულად ამოქმედდა. მისი მიზანია ევროკავშირის შიდა ბაზართან საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

DCFTA აღრმავებს საქართველოს ეკონომიკურ კავშირებს ევროკავშირთან და ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის მოდერნიზაციასა და დივერსიფიკაციას. ის ამარტივებს საბაჟო პროცედურებს და ქართულ ბიზნესს/პროდუქციას ევროკავშირის ბაზარზე წვდომას უხსნის. DCFTA მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობა არ არის, ის საქართველოსგან კანონმდებლობისა და რეგულაციების ევროკავშირის სტანდარტებთან ეტაპობრივ დაახლოებასაც მოითხოვს.

რა შედეგი მოიტანა DCFTA-მ პრაქტიკაში, რამდენად ისარგებლა საქართველომ ევროკავშირის ბაზარზე წვდომით და როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები?

ევროკომისიამ DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის) ვალდებულებების შესრულების ბოლო ანგარიში 2025 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, ასოცირების კომიტეტის ბოლო სხდომა სავაჭრო საკითხების ფორმატში თბილისში, 2023 წლის 12–13 დეკემბერს გაიმართა. საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო, 2024 წელს ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულა და DCFTA-ის განხორციელების საერთო სტატუსი არ გადაიხედა. მიუხედავად ამისა, 2024 წელს საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების რამდენიმე მიმართულებით გარკვეულ პროგრესს მიაღწია.

  • სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების (SPS) მიმართულებით - აკვაკულტურის სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილება არ დაფიქსირებულა. საქართველომ შეავსო კითხვარი, რომელიც დედა ფუტკრების ევროკავშირში ექსპორტის უფლების მიღების პროცესს უკავშირდება. ამ საკითხს ევროკავშირი განიხილავს.
  • ინტელექტუალური საკუთრების უფლებების (IPR) მიმართულებით: საქართველოს მთავრობამ გააგრძელა მუშაობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და აღსრულების სისტემის რეფორმირებაზე, განსაკუთრებით საპატენტო კანონმდებლობის, ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ კანონის, სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონისა და საავტორო უფლებების შესახებ კანონის მიმართულებით. თუმცა საავტორო და სამრეწველო საკუთრების უფლებების კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან მხოლოდ ნაწილობრივაა დაახლოებული, ანგარიშის მიხედვით კი აღსრულების მიმართულებით საჭიროა სასაზღვრო, სისხლისსამართლებრივი, სამოქალაქო და ადმინისტრაციული აღსრულების მექანიზმების გაძლიერება.
  • ენერგეტიკის სფეროში საქართველო 2017 წელს ენერგეტიკულ გაერთიანებაში (Energy Community) გაწევრიანების შემდეგ აგრძელებს ევროკავშირის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან დაახლოებას, ენერგეტიკული თანამეგობრობის სამუშაო პროგრამის შესაბამისად. ამასთან გრძელდება ენერგოეფექტიანობის შესახებ, შენობების ენერგოეფექტიანობის და ენერგეტიკული მარკირების კანონების განხორციელებისთვის საჭირო ჩარჩოს, მეთოდოლოგიების და რეგულაციების შემუშავება. 2024 წლის 1 ივლისს ამოქმედდა ელექტროენერგიის დღით ადრე და შიდადღიური ბაზრების გარდამავალი მოდელი. რაც შეეხება ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტს (EIP), გაგრძელდა მუშაობა მისი დებულებების ტრანსპოზიციის და განხორციელებისთვის საჭირო ცვლილებების მოსამზადებლად. შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა 2024 წლის ივლისში დასრულდა.
  • საბაჟო და ვაჭრობის გამარტივების მიმართულებით საქართველო პროგრესს აგრძელებს. 2025 წლის 1 თებერვალს ქვეყანა შეუერთდა საერთო სატრანზიტო კონვენციას და მასთან დაკავშირებულ ახალ კომპიუტერიზებულ სატრანზიტო სისტემას (NCTS). ანგარიშის მიხედვით, გრძელდება საბაჟო კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან.
  • გარემოს დაცვის სფეროში აღებული ვალდებულებების შესრულების მიმართულებით პროგრესი დაფიქსირდა: საქართველომ მიიღო კლიმატის ცვლილების 2030 წლის ეროვნული სტრატეგია.
  • შრომით საკითხებთან დაკავშირებით: ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს ძალისხმევა შრომითი კანონმდებლობის ILO-ს №100 (თანაბარი ანაზღაურება) და №111 (დისკრიმინაციის აკრძალვა) კონვენციებთან სრულად დასაახლოებლად. შრომის ინსპექციასთან დაკავშირებით ევროკავშირმა ხაზი გაუსვა სათანადო შესაძლებლობებისა და სწავლების მნიშვნელობას და №81 კონვენციის რატიფიცირება წაახალისა.

DCFTA-ის ადგილობრივმა საკონსულტაციო ჯგუფმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების გამო და ასევე, „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტის უკან გამოთხოვის შესახებ მოუწოდა, რომელიც ჯგუფის შეფასებით, ხელს შეუშლიდა ILO-ს №111 და №190 კონვენციების შესრულებას. აღნიშნული კონვენციები დისკრიმინაციის, სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ არის მიმართული.

აქვე აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ პარლამენტმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა და კანონად აქცია.

დემოკრატიულმა უკუსვლამ და ხელისუფლების ანტიევროპულმა რიტორიკამ გავლენა იქონია საქართველოს ევროპულ კურსზე, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერდა. ამ ფონზე DCFTA ძალაშია და საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე მუშაობას აგრძელებს. თუმცა პოლიტიკური ვითარების გაუარესების გამო, 2023 წლის შემდეგ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარებულა, რის გამოც DCFTA-ის განხორციელების საერთო სტატუსი არ გადაიხედა.

სავაჭრო ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან

საქსტატის მონაცემებით, საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 2025 წელს რეკორდულ მაჩვენებელს, 5,611,184 ათასი აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5,156,901 ათასი აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ერთ წელიწადში სავაჭრო ბრუნვა 454,283 ათასი აშშ დოლარით, ანუ 8.8%-ით გაიზარდა.

2014 წელს, როდესაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) გაფორმდა, ევროკავშირის 27 ქვეყანასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2,876,585 ათასი დოლარი იყო. 2025 წლისთვის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 95.1%-ით გაიზარდა, ანუ თითქმის გაორმაგდა.

2022-2025 წლებში სავაჭრო ბრუნვის ზრდა განსაკუთრებით თვალსაჩინოა. (იხილეთ გრაფიკი 1).

გრაფიკი 1: სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან (27 ქვეყანა), 2014-2025 წლებში (მლრდ აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი; შენიშვნა: მონაცემები არ მოიცავს გაერთიანებულ სამეფოს, რომელმაც ევროკავშირი 2020 წელს დატოვა.

2025 წელს ევროკავშირის 27 ქვეყანაში ექსპორტმაც რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და 877.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელს 46.4%-ით აღემატება.

გრძელვადიან პერიოდში ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებლები იცვლებოდა, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. (იხილეთ გრაფიკი 2).

2025 წელს ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში 3.2პროცენტული პუნქტით, 12%-მდე გაიზარდა. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში ევროკავშირის წილი საქართველოს მთლიან ექსპორტში შემცირებულია. აღსანიშნავია, რომ ექსპორტის 69.2% დსთ-ის ქვეყნების ჯგუფზე მოდის.

რეექსპორტის მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში შედარებით მცირეა. 2014 წელს ის 191.8 მლნ აშშ დოლარი იყო, 2025 წელს კი 101.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს ნიშნავს, რომ ამ პერიოდში რეექსპორტი დაახლოებით 47.3%-ით შემცირდა.

ადგილობრივი ექსპორტი, ანუ მთლიანი ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, ევროკავშირში 407.7 მლნ აშშ დოლარიდან (2014) 776.2 მლნ აშშ დოლარამდე (2025) გაიზარდა, ანუ დაახლოებით 90%-ით. ამავე დროს რეექსპორტის შემცირების გამო ადგილობრივი ექსპორტის წილი ევროკავშირში მთლიან ექსპორტში 68%-დან 88.5%-მდე გაიზარდა. სხვაგვარად რომ ვთქვათ ევროკავშირში ექსპორტის ზრდა თითქმის მთლიანად ქართული წარმოშობის საქონელზე მოდის.

გრაფიკი 2: ექსპორტი და რეექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (27 ქვეყანა), 2014-2025 წლებში (მლნ აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი

იმპორტის მონაცემების მიხედვით, 2025 წელს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან საქართველოში იმპორტმა 4,733.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე დაახლოებით 108%-ით მეტია.

2014–2025 წლებში ევროკავშირიდან იმპორტი ძირითადად ზრდის საერთო ტენდენციით ხასიათდებოდა. 2025 წელს იმპორტმა საანალიზო პერიოდის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და პირველად გადააჭარბა 4.7 მლრდ აშშ დოლარს.

გრაფიკი 2: იმპორტი ევროკავშირის ქვეყნებიდან (27 ქვეყანა), 2014-2025 წლებში (ათასი აშშ დოლარი)

წყარო: საქსტატი

მონაცემები აჩვენებს, რომ ევროკავშირთან ვაჭრობაში საქართველოს იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტმა 877.3 მლნ დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი - 4.7 მლრდ დოლარზე მეტი. შესაბამისად, ევროკავშირთან საქონლით ვაჭრობაში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი დაახლოებით 3.8 მლრდ დოლარი იყო.

ეს თანაფარდობა გასაკვირი არ არის, რადგან საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე, ხოლო ადგილობრივი წარმოება ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ბაზრის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა ქართულ პროდუქციას ევროპულ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მხოლოდ შეთანხმებით არ მიიღწევა, ამისთვის საჭიროა ადგილობრივი წარმოების განვითარება, კონკურენტუნარიანობის ზრდა და ისეთი პროდუქციის წარმოება, რომელიც ევროკავშირის ბაზარზე მოთხოვნადი იქნება. შედეგად, ამ ეტაპზე ევროკავშირთან ვაჭრობაში იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება.

რა გადის ევროკავშირში: TOP 10

ნედლეულისა და სამრეწველო შუალედური პროდუქციის ექსპორტი საქართველოს ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია. მადნები, ფეროშენადნობები, სასუქები და ნავთობპროდუქტები 2025 წელს ექსპორტის 49.0%-ს შეადგენდა. რას გვეუბნება ეს სტრუქტურა?

წამყვან პოზიციებზეა მადნები და მეტალურგიული პროდუქცია. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები ექსპორტის 16.2%-ს შეადგენს, ფეროშენადნობები 12.4%-ს, ხოლო სპილენძის მადნები და კონცენტრატები 7.6%-ს. ამ სამი ჯგუფის ჯამური წილი 36.2%-ია, ანუ ექსპორტის მესამედზე მეტი მხოლოდ ამ სამ კატეგორიაზე მოდის.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციიდან ყველაზე დიდი წილი თხილსა და სხვა კაკალს აქვს (12.8%).

2025 წელს ექსპორტი 52.5%-ით გაიზარდა, თუმცა ამ ზრდის დაახლოებით სამი მეოთხედი ძვირფასი ლითონების მადნებზე, ფეროშენადნობებზე, სასუქებზე, სპილენძის მადნებსა და ნავთობპროდუქტებზე მოდის. ამიტომ ექსპორტის ღირებულების ზრდა თავისთავად არ ნიშნავს, რომ ქვეყანა საკუთარ ნედლეულს უფრო მეტად ამუშავებს ან მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციას ყიდის.

გადამუშავებული საბოლოო პროდუქციიდან ყველაზე დიდი წილი ღვინოს აქვს: 2025 წელს მისმა ექსპორტმა 36.1 მლნ დოლარი, ანუ 4.1% შეადგინა. 2014 წლიდან ღვინის ექსპორტი თითქმის 2.7-ჯერ გაიზარდა (13.4 მლნ დოლარიდან) და 2015 წლის გარდა ყოველ წელს იზრდებოდა.

ცხრილი 1: საექსპორტო საქონლის TOP ათეული ევროკავშირის ქვეყნებში, 2025 წლის მონაცემებით

წყარო: საქსტატი

რა შემოგვაქვს ევროკავშირიდან

იმპორტის სტრუქტურაში სამი სასაქონლო ჯგუფი გამოირჩევა. პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია, 883.2 მლნ აშშ დოლარით, რაც ევროკავშირიდან მთლიანი იმპორტის 18.7%-ს შეადგენს. ავტომობილების მაღალი მაჩვენებელი დიდწილად რეექსპორტით არის განპირობებული, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოში ადგილობრივი მოხმარებისთვის კი არა, მესამე ქვეყნებში შემდგომი რეალიზაციის მიზნით შემოდის.

მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები, 553.4 მლნ აშშ დოლარით (11.7%), მესამეზე კი დაფასოებული სამკურნალო საშუალებები, 333 მლნ აშშ დოლარით (7.0%). ეს სამი სასაქონლო ჯგუფი ერთად 1,769.6 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ევროკავშირიდან მთლიანი იმპორტის 37.4%-ია.

2026 წელი - 9 თვის მაჩვენებლები

მიმდინარე წლის მონაცემებით, იანვარ-სექტემბერში საქართველოსა და ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ დაახლოებით 4.19 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ცხრა თვის მაჩვენებელს (4.08 მლრდ) დაახლოებით 112 მლნ დოლარით, ანუ 2.7%-ით აღემატება. ზრდა ძირითადად იმპორტმა განაპირობა: ევროკავშირიდან იმპორტი 3.5%-ით (დაახლოებით 122 მლნ დოლარით) გაიზარდა და 3.59 მლრდ დოლარს მიაღწია, ექსპორტი კი 1.6%-ით (დაახლოებით 10 მლნ დოლარით) შემცირდა და 602.7 მლნ დოლარი შეადგინა. შესაბამისად, ექსპორტ-იმპორტს შორის სხვაობა კიდეს უფრო მეტად გაიზარდა,. 2016 წლის იანვარ-სექტემბერში სავაჭრო დეფიციტმა ევროკავშირთან დაახლოებით 2.98 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 2.85 მლრდ დოლარი იყო.

დასკვნა

ევროკავშირი საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს, ხოლო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია.

ამ ფონზე, DCFTA ძალაში რჩება და საქართველო ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასაც აგრძელებს. თუმცა 2023 წლის შემდეგ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის სხდომა აღარ გამართულა და შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საერთო შეფასება არ მომხდარა.

პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესების მიუხედავად, ევროკავშირი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ სავაჭრო პარტნიორად რჩება. 2025 წელს ევროკავშირის 27 ქვეყანასთან სავაჭრო ბრუნვამ რეკორდულ 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, გაიზარდა ექსპორტიც, თუმცა იმპორტი ექსპორტს მნიშვნელოვნად აღემატება. ამასთან, ექსპორტის სტრუქტურაში კვლავ მნიშვნელოვანი წილი ნედლეულს და პირველადი გადამუშავების პროდუქციას უჭირავს. ამდენად, შეთანხმების არსებობა და სავაჭრო ბრუნვის ზრდა ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ საქართველომ ევროპულ ბაზარზე ინტეგრაციის პოტენციალი სრულად გამოიყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები