მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასოცირებისა და DCFTA-ის ვალდებულებების დაახლოებით 90% შესრულებული გვაქვს“ - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ევროკავშირის მიმართულებით მთავარი ამოცანაა ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა, დღევანდელი მაჩვენებლით, ვალდებულებების დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული , - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლოსთვის ბევრად უკეთ მზად იქნება პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ოთხი წლის წინ იყო.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე დაპაუზებულია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გაუქმებულია მაღალი დონის თანამშრომლობა, ვიზიტები. დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს უვიზოდ ჩასვლა აეკრძალათ ევროზონაში. ევროკავშირის ცალკეულმა ქვეყნებმა ხელისუფლების წარმომადგენლებს და ძალოვნებს დაუწესეს ინდივიდუალური სავიზო შეზღუდვებიც.

„რაც შეეხება ევროკავშირის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს, აქ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ასოცირების დღის წესრიგით და DCFTA-ით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების გადადგმა. დღევანდელი მაჩვენებლით, დაახლოებით 90% გვაქვს შესრულებული უკვე შესაბამისი ვალდებულებების, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან და ამ მიმართულებით ვაგრძელებთ მუშაობას.

ასეთი მდგომარეობა არ გვქონდა ჩვენ თუნდაც ორი წლის წინ - მაშინ დაახლოებით 65% იყო შესრულების მაჩვენებელი. ეს არის მთავარი რასაც ვაკეთებთ და რაზეც მუშაობა გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი დღეს არ დგას დღის წესრიგში. ჩვენ 2028 წლის ბოლოსთვის ვიქნებით ბევრად უკეთ მზად პროცესების გასაგრძელებლად, ვიდრე ვიყავით, დავუშვათ, ოთხი წლის წინ, 2024 წლის ბოლოს თუნდაც, როდესაც შესაბამისი განცხადება გაკეთდა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ,საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 2021 წლიდან მოყოლებული მზარდია და 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს, 5.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წლის ჭრილში 8.4%-იანი ზრდაა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანას ჯამურად საქართველოს ექსპორტში 12%-იანი წილი ჰქონდა, ხოლო იმპორტში 25.4% ეკავა. სწორედ იმპორტია საქართველო-EU-ს სავაჭრო ბრუნვის 80%-ზე მეტი.

აღსანიშნავია, რომ 10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 776 მლნ დოლარს სწორედ გასულ წელს მიაღწია. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2025 წელს ამ მაჩვენებელმა 23% შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი ინიციატივა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის ახლებურ მიდგომას და კანდიდატი ქვეყნებისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე - Single Market - სრული უფლებებით ეტაპობრივ წვდომას ითვალისწინებს. ინფორმაციას გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემა Politico-მ ევროკომისიის სამუშაო დოკუმენტზე დაყრდნობით მიმდინარე კვირაში გაავრცელა.

ტრადიციული მიდგომისგან განსხვავებით, რომლის მიხედვითაც, კანდიდატი ქვეყნები ეკონომიკურ ბენეფიტებს მხოლოდ ევროკავშირში სრული გაწევრიანების შემდეგ მიიღებდნენ, ახალი ინიციატივა ითვალისწინებს ეკონომიკური ინტეგრაციის დაწყებას მათ სრულუფლებიან წევრობამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები