დებატების დროს თუ დაგვარწმუნებენ, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ რესურსი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დღეს დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შედგება.
„დებატების მიზანია, რომ სიმართლე გავაგებინოთ საზოგადოებას. ჩვენ ვსაუბრობთ მონოლოგის რეჟიმში, დღესაც ვსაუბრობთ ჩვენს პოზიციასთან დაკავშირებით ბრიფინგის ფორმატში. დებატებს აქვს განსხვავებული დატვირთვა და დებატების პირობებში კიდევ უფრო მეტი რესურსია იმისა, რომ საზოგადოებას კიდევ უფრო მკაფიოდ გააგებინო სიმართლე. ვნახოთ, რა აქვთ სათქმელი. თუ რამეში დაგვარწმუნებენ ეს ადამიანები, მზად ვართ, ჩვენს პოზიციას გადავხედოთ, ეს გაგვიკეთებია სხვადასხვა დროს, ჩვენ არ ვართ ხისტები და უხეშები, მაგრამ თუ დაინახავენ, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე, კეთილი ინებონ და თავადაც აღიარონ, თუ ეყოფათ ამისთვის რესურსი. არის ძალიან სერიოზული ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა ამ ადამიანებზე, რომლებმაც გამოხატეს მზაობა დებატებში მოსვლასთან დაკავშირებით. მთელი რადიკალური ოპოზიცია ჩაერთო, „ენჯეოები“ ჩაერთნენ თავდასხმაში ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ. ცდილობენ, რომ ისინი არ მოვიდნენ დებატებზე. იმედია, მათ ეყოფათ გამბედაობა და მოვლენ დებატებზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
დღეს დებატები ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, თინა ხიდაშელსა და პაპუნა ჯანელიძეს შორის გაიმართება.