„სამწუხაროდ არ გამოიყურება თბილისი ისე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს. დედაქალაქი ურბანულ ჩიხშია,“ - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას “იდააფ არქიტექტორების” დამფუძნებელმა, ნანა ზაალიშვილმა განაცხადა.
„თბილისის მთელი ხიბლი მის ეკლექტიკურობაშია და მისი ისტორიული ფენა ძალიან კარგად ჩანს ურბანულ გარემოში. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ცალსახად გამოიკვეთა არქიტექტორებისა და ურბანისტების მაღალი დონე, სამწუხაროდ არ გამოიყურება თბილისი ისე, როგორც უნდა გამოიყურებოდეს.
დედაქალაქი ურბანულ ჩიხშია და ეს პრობლემა ნაკლებად ეხებათ არქიტექტორებს, ეს პრობლემა სხვა საკითხებზეა მიბმული, ამიტომაც დადგა თბილისში ის შედეგი, რაც გვაქვს,“ - განაცხადა ნანა ზაალიშვილმა.
მისივე განმარტებით, პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია შეიცვალოს დედაქალაქის ვერტიკალური მასშტაბი, არ შეიძლება თბილისის კონკრეტულ უბნებს ჰქონდეთ ვერტიკალური სიმაღლეები ათვისებული.
„თბილისი არ არის და ვერასდროს იქნება მზად, მულტიმილიონიანი ქალაქი იყოს და პირველ რიგში უნდა მოხდეს დეცენტრალიზაცია,“ - აღნიშნა ნანა ზაალიშვილმა.
„იდააფ არქიტექტორები“ - ეს არის ორიგინალური სტილისა და დახვეწილი ხელწერის მქონე სტუდია, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მუშაობს და სრულიად გამორჩეულ პროექტებს 2016 წლიდან ქმნის. „იდააფ არქიტექტორების“ სახელოსნოში მუშაობენ არქიტექტურის, ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის მიმართულებით.