სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს გადაწყვეტილებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ფიროსმანში კარანტინი გამოცხადდა. მიზეზი მსხვილფეხა საქონელში ცოფის შემთხვევის ლაბორატორიული დადასტურებაა.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა ცხოველზე ზედამხედველობა შეტყობინების საფუძველზე დააწესეს. საქონელს დაავადებისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები აღენიშნებოდა: გაძლიერებული ნერწყვდენა, უმიზეზო აგრესია, მადის დაკარგვა და კოორდინაციის დარღვევა.
დაავადების დადასტურებისთანავე ინფორმაცია გადაეცა ჯანდაცვის ადგილობრივ სამსახურს. ამ დროისთვის სოფელ ფიროსმანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე (3 კილომეტრის რადიუსში) შემდეგი ღონისძიებები ტარდება:
- ჩატარდა დაინფიცირებული კერის დეზინფექცია;
- მიმდინარეობს დაავადების ამთვისებელი ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია;
- კონტროლდება ცხოველების გადაადგილება;
- ზედამხედველობის ქვეშ არიან ის ცხოველები, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ დაავადებულ საქონელთან.
სააგენტოს მონაცემებით, მუნიციპალიტეტში უკვე აცრილია 4 500-მდე სხვადასხვა სახეობის ცხოველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიებები ინტენსიურად მიმდინარეობს. უწყების სტატისტიკით, 2025 წელს, 2012 წელთან შედარებით, ცოფის შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით 93%-ით არის შემცირებული.




























