მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დედოლარიზაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებს შედეგი ჰქონდა - პაპუნა ლეჟავა

62dc269932c12
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.22 01:00
1766
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა მიიჩნევს, რომ დედოლარიზაციის კუთხით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა ხელშესახები შედეგები უკვე გამოიღო. მისი თქმით, სესხების მაღალი დოლარიზაცია მთლიანად ეკონომიკისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რის საპასუხოდაც ეროვნული ბანკი გეგმაზომიერ ნაბიჯებს დგამს. ამასთან, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, დედოლარიზაციის მხრივ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკა რეგიონში დოლარიზაციით მაინც ინარჩუნებს პირველობას. 

"შედეგი გვაჩვენებს, რომ დედოლარიზაციის კუთხით ამ ნაბიჯებს შედეგი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ რისკების შემცირების მიუხედავად, ჩვენ რეგიონში დოლარიზაციით მაინც პირველ ადგილზე ვართ, ამიტომაც ვფიქრობთ, რომ ლარიზაციის პრაქტიკა და ტენდენცია უნდა შენარჩუნდეს.

ვფიქრობ, რომ დღემდე საკმაოდ მძლავრი ნაბიჯები იყო გადადგმული, მათ შორის 200,000 ლარამდე შეზღუდვა, რომელიც პარლამენტმა გააკეთა, მათ შორის დივერსიფიცირებული სარეზერვო მოთხოვნა, რომ რომელ ბანკსაც მეტი აქვს დოლარიზაცია მეტი დარეზერვება უწევს, ასევე სესხის მომსახურების უფრო მკაცრი დონეების განსაზღვრა. ვფიქრობ, რომ ეს ზომები საკმარისია, რათა ტენდენცია შენარჩუნდეს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ მონეტარული პოლიტიკა გვაქვს გამკაცრებული, დოლარიზაცია უფრო ნელი ტემპით მცირდება. ვაკვირდებით როგორ ვითარდება მოვლენები და თუ ვნახავთ რომ რისკები შეექმნა დოლარიზაციის შემცირებას, მოგვიწევს დამატებითი ღონისძიებების გატარება.

არაფერს გამოვრიცხავ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა როგორც კი ამას მივიღებთ ეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი", - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

2022 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული 43-მილიარდიანი საკრედიტო პორტფელის 49% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული. ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, საკრედიტო პორტფელის დოლარიზაცია 50%-იან ნიშნულს მიმდინარე წლის აპრილში ჩამოცდა. შედარებისთვის, 2015 წელს სესხების დოლარიზაცია 65%-ს შეადგენდა. გასული წლების განმავლობაში დოლარიზაციის კლება ეროვნული ბანკის მიერ მიღებულმა რეგულაციებმა, ასევე პარლამენტის მიერ 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვამ განაპირობა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები