Google-ის ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის, DeepMind-ის ყოფილმა მკვლევარმა, დევიდ სილვერმა, AI წამოწყება Ineffable Intelligence-ისთვის რეკორდული, $1.1 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის მოზიდვა მოახერხა.
როგორც ირკვევა, ამ ეტაპზე სტარტაპის საბაზრო კაპიტალიზაციამ $5.1 მილიარდს აღწევს. აღსანიშნავია, რომ სილვერის წამოწყებისთვის ორგანიზებული დაფინანსების რაუნდი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ევროპის მასშტაბით გამართულ ყველაზე წარმატებულ Seed-რაუნდად შეფასდა. კომპანიის დამფუძნებლის განცხადებით, მოზიდული კაპიტალი სუპერინტელექტის შექმნის პროცესს მოხმარდება.
არსებული ინფორმაციით, საინვესტიციო რაუნდს Sequoia და Lightspeed-ი ხელმძღვანელობდნენ. ინვესტიცია კი ისეთმა ტექ-გიგანტებმა ჩადეს, როგორებიც Nvidia და Google არიან. დაფინანსებაში მონაწილეობა მიიღო გაერთიანებული სამეფოს სუვერენულმა AI ფონდმაც.
რაც შეეხება თავად Ineffable Intelligence-ს, ის ე.წ. განმტკიცებით სწავლებაზე მუშაობას გეგმავს. განმარტებისთვის, ეს ტექნოლოგია მოდელებს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით სწავლის შესაძლებლობას აძლევს, რაც ინტერნეტის ტექსტურ მონაცემებზე დამოკიდებულებას გამორიცხავს. დევიდ სილვერი იმედოვნებს, რომ შექმნის ისეთ მოდელს, რომელიც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობებს გადააჭარბებს.
აღსანიშნავია, რომ Google-იდან წამოსვლამდე დევიდ სილვერი DeepMind-ში სწორედ განმტკიცებით სწავლების გუნდს ხელმძღვანელობდა. ის ამჟამად ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორია.




























