მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DeepSeek-ის დამფუძნებელი AI მოდელების შემქმნელთა შორის უმდიდრესი ადამიანი გახდა

deepseek

DeepSeek-ის დამფუძნებლის, ლიან ვენფენგის ქონება კომპანიის მიერ დაფინანსების ბოლო რაუნდის შემდეგ ორჯერ გაიზარდა. ამის წყალობით, ჩინელი მეწარმე ხელოვნური ინტელექტის მოდელების შემქმნელებს შორის მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა – კომპანიამ კი უკან ჩამოიტოვა ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI და Claude-ის მფლობელი Anthropic.

Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის მიხედვით, ვენფენგის აქტივები ამჟამად 36 მილიარდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა მანამდე მისი ქონება 16,7 მილიარდ დოლარად ფასდებოდა.

ამ მაჩვენებლით ის მნიშვნელოვნად უსწრებს OpenAI-ის პრეზიდენტ გრეგ ბროკმანს (რეიტინგში მე-100 ადგილი, 25,5 მილიარდი დოლარი) და Anthropic-ის თანადამფუძნებელ დარიო ამოდეის (491-ე ადგილი, 7,98 მილიარდი დოლარი).

OpenAI-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი Bloomberg-ის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანის სიაშიც კი ვერ მოხვდა. Forbes-ის რეალურ დროში განახლებადი რეიტინგით, მისი ქონება 3,4 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რეიტინგის შედგენისას Bloomberg-მა ისეთი კომპანიები განიხილა, რომელთა ძირითადი საქმიანობა და შემოსავლის უდიდესი ნაწილი პირდაპირ ხელოვნური ინტელექტის მოდელებიდან მოდის და არა AI-ის მიწოდების ჯაჭვის სხვა სფეროებიდან – კერძოდ, მონაცემთა ცენტრებიდან და ნახევარგამტარებიდან.

შესაბამისად, სიიდან გამოირიცხნენ მსხვილი ტექნოლოგიური გიგანტების დამფუძნებლები, როგორებიც არიან ილონ მასკი (Tesla, SpaceX), ლარი პეიჯი (Google), ჯეფ ბეზოსი (Amazon), მარკ ცუკერბერგი (Meta) და ჯენსენ ჰუანგი (Nvidia).

ლიან ვენფენგის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ DeepSeek-ში მის წილს უკავშირდება.

ის, რაც მას კოლეგებისგან განასხვავებს, კომპანიაში საკუთარი წილის უჩვეულოდ დიდი მოცულობის შენარჩუნებაა.

აშშ-ში 50 მილიარდ დოლარად შეფასებული მოწინავე ხელოვნური ინტელექტის კომპანიის შესაქმნელად, როგორც წესი, საჭირო ტექნოლოგიური გიგანტებისა და ვენჩურული კაპიტალისტებისთვის წილის მნიშვნელოვანი ნაწილის დათმობა ხდება.

ამის საპირისპიროდ, DeepSeek-ში თითქმის 78%-იანი წილის შენარჩუნებამ ვენფენგს პირადი კაპიტალის მკვეთრი ზრდა და კონტროლის ისეთი დონე მოუტანა, როგორიც თანამედროვე AI-კომპანიების დამფუძნებლებისთვის უჩვეულოა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკული გიგანტების – OpenAI-ისა და Anthropic-ის – შეფასება 1 ტრილიონ დოლარს უახლოვდება, მათი აქციები ინვესტორთა ფართო წრესა თუ მრავალრიცხოვან თანადამფუძნებლებს შორის ნაწილდება.

ლიან ვენფენგი 1985 წელს ჩინეთის სამხრეთ პროვინცია გუანდონის ქალაქ ჟანძიანგში დაიბადა, სადაც მამამისი დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო.

მან ელექტრონული ინჟინერია ქალაქ ხანჯოუს პრესტიჟულ ჯეძიანგის უნივერსიტეტში შეისწავლა, სადაც ასევე მიიღო მაგისტრის ხარისხი ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ინჟინერიის მიმართულებით.

ლიანმა DeepSeek 2023 წელს შექმნა, როგორც მისივე ჰეჯ-ფონდის, "Zhejiang High-Flyer Asset Management"-ის ხელოვნური ინტელექტის განყოფილების შვილობილი მიმართულება. აღნიშნული ჰეჯ-ფონდი მან უნივერსიტეტის ორ ყოფილ თანაკურსელთან ერთად დააფუძნა.

36 მილიარდი დოლარის ქონებით ლიანი ჩინეთის მე-8 უმდიდრესი ადამიანი გახდა. ის მხოლოდ მცირედით ჩამორჩება ჩენ ტიანშის – ხელოვნური ინტელექტის აპარატურული უზრუნველყოფის მილიარდერსა და "Cambricon Technologies"-ის თანადამფუძნებელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები