მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Degusto-მ პანდემიის პერიოდში 3 ფილიალი დახურა

606c726c567d9
ვიქტორია მღებრიშვილი
06.04.21 19:30
2098
სწრაფი კვების ობიექტმა Degusto-მ, რომელიც პანდემიის დაწყებამდე თბილისში 12 ფილიალს მართავდა, ვირუსის გავრცელების პირველი და მეორე ტალღების შედეგად, ჯამში, 3 ფილიალი დახურა. ფილიალების დახურვის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ს კომპანიის თანადამფუძნებელმა ალექსანდრე ნორაკიძემ დაუდასტურა.

პუშკინის, აღმაშენებლის, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ონიაშვილის, პოლიტკოვსკაიას, დოლიძის, ლუბლიანას, მარჯანიშვილის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და ბელიაშვილის ქუჩებზე არსებული ფილიალებიდან ჭავჭავაძის და მოსაშვილის ქუჩებზე არსებული ფილიალები სრულად დაიხურა, ხოლო თავისუფლების მოედანზე მოქმედი ფილიალი მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს.

„პანდემიამდე „დეგუსტო“ თბილისში სულ 12 კაფეტერიას მართავდა. აპრილის ბოლოს მოსეშვილის ფილიალის დაკეტვა მოგვიწია, მიზეზი - პანდემიაა. ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ფილიალი პირველი ტალღის შემდეგ დავხურეთ, ხოლო თავისუფლების მოედანზე არსებული ფილიალი დაიკეტება და სამზარეულოს დავიტოვებთ, რომელიც მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს“, - ამბობს ალექსანდრე ნორაკიძე.

ფილიალების დახურვის მიზეზებზე საუბრისას Degusto-ს თანადამფუძნებელი ამბობს, რომ აღნიშნული კაფეტერიების შენარჩუნება კომპანიისთვის ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

„ორი "ლოქდაუნის" შემდეგ კაფეტერიებში დატვირთვა შემცირდა და მის გაზრდას უახლოეს პერიოდში არც ველოდით, ამიტომ ფილიალების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება მივიღეთ. თუ ავიღებთ ივნისიდან დღემდე, კომპანიას ამ ფილიალების შენარჩუნებისთვის სულ მცირე 10 000 ლარი უნდა დაეხარჯა, რაც რთულ პერიოდში მიზანშეწონილი არ იყო“, - განმარტა ნორაკიძემ.

მისივე ინფორმაციით, Degusto პანდემიამდე 250-მდე სამუშაო ადგილს ქმნიდა, პანდემიის დროს კი დასაქმებულთა რაოდენობა 100-მდე შემცირდა.

ცნობისთვის: სწრაფი კვების კომპანია „Degusto” საქართველოში 2016 წლიდან ოპერირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები