მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დეილი", "მაგნიტი", "გვირილა", "სპარი" და "იოლი" ერთ ჯგუფში ერთიანდება

დეილი

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა შპს "დეილის" მიერ "რითეილ ინვესთმენთის", ანუ "მაგნიტის" 100%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.

"მაგნიტი" 2023 წლის მდგომარეობით ქვეყნის მასშტაბით 349 სუპერმარკეტით იყო წარმოდგენილი, მისი მთლიანი გაყიდვები კი 570 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 2.4 მილიონი ლარი იყო. კომპანიის აქტივები გასული წლის მდგომარეობით 245.5 მილიონ ლარს შეადგენდა. კომპანია 2017 წელს ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის ჰოლდინგის მიერ არის დაფუძნებული.

რაც შეეხება კომპანია “დეილის”, ის 2013 წელს არის დაფუძნებული, კომპანიის სტრატეგიას საქართველოს რეგიონებში სუპერმარკეტების ქსელების განვითარება წარმოადგენს. კომპანია ასევე ფლობს “გვირილას” სუპერმარკეტების ქსელს. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის აქტივები 129 მილიონ ლარს შეადგენს, გაყიდვები კი 327 მილიონი ლარი იყო. ამასთან, კომპანიას გასულ წელს 5.4 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდა. 2023 წლის ფინანსური ანგარიშის თანახმად, "დეილის" 51%-ის მფლობელია ბიზნესმენი დავით კუხალაშვილი, 37%-ის მფლობელი კი ბიზნესმენი ზურაბ ზაქარიაძე.

2024 წლის 6 აგვისტოს კონკურენციის სააგენტომ ასევე გასცა კომპანია "დეილის" მიერ "ფუდმარტის" 100%-იანი წილის შეძენის ნებართვა, ხოლო კომპანია "ჰოლდინგ.ჯის" კი მიეცა უფლება კომპანია "დეილიში" 30%-იანი წილის შეძენის თაობაზე. შესაბამისად, "დეილი" გახდა "ფუდმარტის" შემადგენლობაში არსებული ქსელების - "სპარის" და "იოლის" მფლობელიც, ხოლო თავად ამ ქსელების დამფუძნებელი ბიზნესმენი არჩილ გეგენავა "ჰოლდინგ.ჯის" მეშვეობით თავად "დეილის" 30%-იანი წილის მფლობელი გახდა.

შესაბამისად, დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის შედეგად, "დეილის" ჯგუფი, რომელიც უკვე აერთიანებს დეილის, სპარტის, იოლისა და გვირილას ქსელებს, ახლა მაგნიტის ქსელის მფლობელიც გახდება, რითაც "დეილის" ჯგუფი საქართველოს სუპერმარკეტების სექტორის #1 მოთამაშე იქნება.

კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, აღნიშნული გაერიანება მართალია მცირედით ზრდის კონცენტრაციის დონეს, თუმცა მთლიანობაში ბაზარი მაინც კონკურენტულად ნარჩუნდება.

"შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11,983 მლრდ. ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.

არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.

BMG შეეცდება გარიგების დეტალების შესახებ მხარეებისგან უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს.

დღესვე კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთი კონცენტრაციის თაობაზე გასცა თანხმობა, სუპერმარკეტების ქსელი "დეილი" ქართული ლუდის კომპანიას, ანუ "ზედაზენს" შეიძენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები