დღეს საქართველოს კონკურენციის სააგენტომ სუპერმარკეტების ბაზრის მსხვილ მოთამაშეებს - "დეილისა" და "რითეილ ჯგუფის", ანუ "მაგნიტს" შორის კონცენტრაციის გარიგების შესახებ გასცა თანხმობა.
თავის მხრივ, 2024 წლის 6 აგვისტოს კონკურენციის სააგენტომ კიდევ ერთ კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა, რომლითაც შპს "დეილი", რომელიც ამავდროულად "გვირილას" ქსელის მფლობელია, გახდა "ფუდმარტის" 100%-იანი წილის მესაკუთრე - თავად "ფუდმარტი" კი აერთიანებს "სპარის" და "იოლის" ქსელებს. ამასთან, ახალ კომპანია "ჰოლდინგ.ჯის", რომლის დამფუძნებელი არჩილ გეგენავა წარსულში უშუალოდ "ფუდმარტის" მფლობელი იყო, გახდა შპს "დეილის" 30%-იანი წილის მფლობელი. შესაბამისად, დღეს "დეილი" აერთიანებს "სპარის", "გვირილას", "დეილის" და "იოლს" და კონკურენციის სააგენტოს დღევანდელი თანხმობის შემდეგ "მაგნიტის" მფლობელიც გახდება.
შესაბამისად, საქართველოს FMCG ბაზარზე "დეილის" ჯგუფი დაიკავებს #1 პოზიციას.
TBC Capital-ი რეგულარულად აახლებს FMCG ბაზრის დინამიკის შესახებ საკუთარ კვლევას. ორგანიზაციის უკანასკნელი მიმოხილვა, რომელიც 2024 წლის აგვისტოში გამოქვეყნდა, მიუთითებს იმაზე, რომ ბაზრის ლიდერს "ნიკორას" ბრენდი წარმოადგენდა, რომლის წილიც ორგანიზებული ბაზრის სეგმენტზე 18.9%-ს შეადგენს, მეორე პოზიცია უჭირავს ორ ნაბიჯს 18.8%-იანი წილით, ხოლო მესამე პოზიცია კარფურს 13.6%-ით. მეოთხე პოზიციაზეა სპარი 13%-ით, ხოლო მაგნიტი 9.7%-ით მეხუთე პოზიციაზე.
საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი - TBC Capital-ის თანახმად ასე ნაწილდება:
- ნიკორა - 18.9%;
- ორი ნაბიჯი - 18.8%;
- კარფური - 13.6%;
- სპარი - 13%;
- მაგნიტი - 9.7%;
- დეილი - 4.8%;
- აგროჰაბი - 4.4%;
- გუდვილი - 4%;
- გვირილა - 2.9%;
- უნივერსამი - 2.8%;
- ფრესკო - 2.1%;
- ექსპრეს ქსელი - 1.4%;
- ზღაპარი - 1.4%;
- მადაგონი - 1.2%;
- ევროპროდუქტი - 1.2%;
- სმარტი - 0.8%.
TBC Capital-ის მიმოხილვის თანახმად, თბილისის ბაზარზე ორგანიზებული ქსელების გაყიდვები მთლიანად სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორის 57%-ს შეადგენს, შესაბამისად სუპერმარკეტების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია დედაქალაქშია. დასავლეთ საქართველოში ორგანიზებული (ქსელური სექტორის) წილია 39%, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 18%.
თუკი კომპანია "დეილის" მიერ ფორმირებულ ახალ ჯგუფში შემავალი ქსელების საბაზრო წილებს დავაჯამებთ შემდეგ შედეგს მივიღებთ 30.4%-ს, რაც აერთიანებს "სპარი/იოლი" (13%), "მაგნიტი" (9.7%), "დეილი" (4.8%), "გვირილა" (2.9%).
კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული შეფასების თანახმად, აღნიშნული გაერიანება მართალია ზრდის კონცენტრაციის დონეს, თუმცა მთლიანობაში ბაზარი მაინც კონკურენტულად ნარჩუნდება.
"შპს „დეილის“ მიერ შპს „რითეილ ინვესთმენთის“ კონცენტრაციასთან დაკავშირებით, GCCA-ის მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, 2023 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 12 000-მდე კომპანია. ბაზრის სრული მოცულობა შეადგენდა 11,983 მლრდ. ლარს. განსახილველი კონცენტრაციების განხორციელებამდე ბაზრის ყველაზე მსხვილი მონაწილის წილი არ აღემატებოდა 13%-ს.
არსებული მდგომარეობით, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსი (HHI) შეადგენს 461 ერთეულს, რომელიც კონცენტრაციის განხორციელების შედეგად იზრდება 581 ერთეულამდე. შესაბამისად, სააგენტოს შეფასებით, ბაზარი დაბალკონცენტრირებულია და განსახორციელებელი კონცენტრაციის შედეგად კონცენტრაციის ინდექსის არსებით ცვლილებას ადგილი არ აქვს,"- ნათქვამია კონკურენციის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში.