მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს სუპერმარკეტების ქსელების რეიტინგი

სუპერმარკეტი

TBC Capital-მა სწრაფად მოხმარებადი საქონლით ვაჭრობის სექტორის (FMCG) ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბაზრის მოცულობა 2024 წელს 21.2 მილიარდ ლარს მიაღწევს, რაც 2023 წელთან შედარებით 0.8 მილიარდი ლარით მეტი იქნება.

TBC Capital-ის თანახმად, ბაზრის მთლიან მოცულობაში (21.2 მილიარდ ლარში) ორგანიზებული მოთამაშეების, ანუ ქსელური მარკეტების წილი გასულ არსებული 36%-იდან 2024 წელს 41%-ს მიაღწევს, ხოლო 2025 წლისთვის ქსელური სუპერმარკეტების წილი მთლიანად ბაზრის 45% გახდება. შესაბამისად, ამ დრომდე ბაზრის ნახევარზე მეტი მოდის ისეთ რიტეილერებზე, რომლებიც არ წარმოადგენენ ქსელურ მაღაზიებს, თუმცა მათი საბაზრო წილი მცირდება, ხოლო ქსელური მარკეტების წილი მთლიან ბაზარზე იმატებს. TBC Capital-ის მიხედვით, ბაზრის ორგანიზებული მოთამაშეების წილები ძირითადად რეგიონული ექსპანსიის ხარჯზე იზრდება, სადაც ამ დრომდე არ იყვნენ ქსელური სუპერმარკეტები ფართოდ წარმოდგენილი. თბილისში ორგანიზებულ მოთამაშეებზე ბაზრის 59% მოდის, დასავლეთ საქართველოში ის 25%-ია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 16%-ია. რაც შეეხება სუპერმარკეტების აბსოლუტურ რიცხვებს, თბილისში 1,531 სუპერმარკეტია (მარკეტი, ქსელური მარკეტი), დასავლეთ საქართველოში 856, აღმოსავლეთ საქართველოში კი 716 მარკეტი. ამასთან თბილისში მარკეტების რიცხვი წელს 10%-ით გაიზარდა, დასავლეთ საქართველოში 31%-ით, აღმოსავლეთ საქართველოში კი 21%-ით.

TBC Capital-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ასახულია ის საბაზრო გარიგებაც, რომელიც 2024 წლის აგვისტოსა და ნოემბერში განხორციელდა. საუბარია ბაზარზე ახალი უმსხვილესი მოთამაშის ჩამოყალიბებაზე, რადგანაც ჯერ 6 აგვისტოს კონკურენციის სააგენტომ "დეილი ჯგუფს" (რომელიც "გვირილასაც" აერთიანებს) უფლება მისცა შეისყიდოს "ფუდმარტის" 100%-ის წილი (რომელიც "სპარს" და "იოლს") აერთიანებს, ხოლო კომპანია "ჰოლდინგ.ჯის", რომელიც აქამდე ფუდმარტის 30%-ის მფლობელი იყო, უფლება მიეცა შეისყიდოს კომპანია "დეილი ჯგუფის" 30%-იანი წილი. ხოლო, 2024 წლის 5 ნოემბერს კი კონკურენციის სააგენტომ "დეილი ჯგუფს" უფლება მისცა შეისყიდოს "მაგნიტი" ჯგუფის 100%-იანი წილიც. შესაბამისად, მიღებული ჯგუფი გახდა ქვეყანაში უმსხვილესი კომპანია FMCG ბაზარზე.

TBC Capital-ის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს (რომლებიც აღნიშნულ პერიოდში ჯერ კიდევ არ იყვნენ გაერთიანებული), შემოსავლების მიხედვით ორგანიზებული ბაზრის 31.1%-ს შეადგენდნენ. მეორე პოზიციას იკავებდა ნიკორა/ლიბრეს ჯგუფი ბაზრის 19.4%-ით, მესამეს "ორი ნაბიჯი" 18.8%-ით, მეოთხე ადგილზეა "კარფური" 11.1%-ით, ხოლო მეხუთეზეა "აგროჰაბი" 4.4%-ის წილით.

2024 წლის 9 თვეში ორგანიზებული ბაზრის მოთამაშეების წილები ასე ნაწილდება - TBC Capital

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები