გეოპოლიტიკის გარდა, საქართველოსთვის ახალ პერსპექტივას აჩენს საერთაშორისო ვალდებულება „NetZero 2050“, რომელიც ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირებას ისახავს მიზნად.
"ტრანს ლოგისტიკას“ დირექტორის შეფასებით, ვინაიდან საზღვაო გადაზიდვები შესაძლოა გაძვირდეს გარემოსდაცვითი ბარიერების გამო, რკინიგზა, როგორც „მწვანე ტრანსპორტი“, უფრო კონკურენტუნარიანი გახდება.
“პარიზის კლიმატური შეთანხმების ფარგლებში არის „NetZero 2050“, რომლის მიხედვითაც ნახშირბადის გამონაბოლქვი, სათბური გაზების ეფექტი უნდა შეიზღუდოს მაქსიმალურად, რაც გარკვეულწილად ზღუდავს ან გარკვეულ ბარიერებს ქმნის სანაოსნო გადაზიდვებისთვის, ანუ გარკვეულწილად აძვირებს საზღვაო გადაზიდვას. შესაბამისად, ეს დამატებით, გრძელვადიან პერსპექტივაში (ჩვენ ვსაუბრობთ მომდევნო 25 წელზე), აჩენს კიდევ დამატებით მოთხოვნას სარკინიგზო გადაზიდვაზე.
თუ რკინიგზის ელექტრიფიკაცია ხდება, თუ ამ ხაზების მომარაგება ხდება განახლებადი ენერგიით ან ბირთვული ენერგეტიკით, შესაბამისად, რკინიგზით გადაზიდვა სრულად „მწვანე“ გადაზიდვად ჩაითვლება, რაც დამატებით ამ ნახშირბადის სპეციალურ კრედიტებს დაუგროვებს იმ გადამზიდავებს, ვინც სარკინიგზო გადაზიდვას გამოიყენებენ. შესაბამისად, ეს ჩვენთვის ახალი შესაძლებლობებია. ეს, გეოპოლიტიკის გარდა, არის დეკარბონიზაციით გამოწვეული შესაძლებლობები, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოს ჩვენმა ქვეყანამ”,-აცხადებს ჯაბა თარიმანაშვილი bm.ge-სთან ინტერვიუში.
Net Zero 2050 არის გლობალური მიზანი, რომელიც გულისხმობს ატმოსფეროში სათბურის აირების, მაგალითად, ნახშირორჟანგის გაფრქვევისა და მათი შთანთქმის დაბალანსებას ნულოვან ნიშნულამდე. ეს ნიშნავს, რომ ის აირები, რომლებსაც კაცობრიობა გამოყოფს (მაგალითად, ინდუსტრიის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის შედეგად), მაქსიმალურად უნდა შემცირდეს. ემისიების განახევრების მიზნის მისაღწევად აუცილებელია სათბურის აირების გლობალური ემისიების შემცირება დაახლოებით 45%-ით.
პირველი გრძელვადიანი დაბალემისიიანი განვითარების სტრატეგია 2050 საქართველოს მთავრობამ 2023 წლის 24 აპრილს მიიღო. სტრატეგიის მიზანი მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მიდგომას კლიმატის პოლიტიკის ნაწილში და გულისხმობს ემისიების მკვეთრ შემცირებას.




























